logo_geo
eng_logo
სკანდალი სახალხო დამცველის ოფისში – ნანუაშვილს თანამშრომლები დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ!
- +

14 ივნისი. 2016. 00:35


საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ". ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილება მიენიჭა სახალხო დამცველს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ სახელმწიფო ინსტიტუციას.


გაგიკვირდებათ და კანონის მიღებიდან ორი წლის შემდეგ სახალხო დამცველი თავად აღმოჩნდა დისკრიმინაციული სკანდალის ეპიცენტრში. უჩა ნანუაშვილს საკუთარი თანამშრომლები უპირისპირდებიან და სწორედ დისკრიმინაციის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან. სანამ საქმის დეტალებს გაგაცნობთ ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ თავად უჩა ნანუაშვილს პოზიციას ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.


კანონი საქართველოს სახალხო დამცველს აძლევს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ გამოცემულ რეკომენდაციაზე პასუხის გაუცემლობის ან მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, როგორც დაინტერესებულმა პირმა, ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით. ამ კანონზე მუშაობის პროცესში ნანუაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი ოფისისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვდა და აპროტესტებდა, რომ წარმოდგენილი კანონი არ ითვალისწინებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფას.


დამატებითი ფინანსური სახსრები აუცილებელია სრულყოფილი საგანმანათლებლო საქმიანობისა და კვალიფიციური კადრების მობილიზებისთვის. საქართველოს სახალხო დამცველს ამ ეტაპზე არ გააჩნია საკმარისი ადამიანურ-ფინანსური რესურსები, დაიწყოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება. აუცილებელია დამატებითი საბიუჯეტო სახსრების დაუყოვნებლივ გამოყოფა, რათა მოხერხდეს სახალხო დამცველის აპარატში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შექმნა და დისკრიმინაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა", - აცხადებდა უჩა ნანუაშვილი.


მოკლედ, ნანუაშვილი ფინანსების სიმწირეს უჩიოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მედიაში გაჟონა საკმაოდ სკანდალურმა ინფორმაციამ, რომელიც სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ ინფორმაციის გაჟონვას უკავშირდება ომბუდსმენის აპარატის მიერ რამდენიმე თანამშრომლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება.


საქმე ეხება სახალხო დამცველის მიერ 105 ათას ლარად ღირებული „მერსედესის" მარკის ავტომობილის შეძენას, რომლითაც ჩანაცვლდა 2009 წელს გამოშვებული Hyundai Tucson. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ამ ინფორმაციის მედიასაშუალებებში გავრცელების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო შიდა მოკვლევა, მათ შორის სერვერების შემოწმება, ვინაიდან გაჩნდა ეჭვი, რომ სკანდალური შესყიდვის შესახებ ინფორმაციამ შიგნიდან გაჟონა. „შიდა გამოძიებამ" კონკრეტული „დამნაშავეებიც" გამოავლინა. მათ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება მიეცათ, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეს ადამიანები ამ საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფენ და სწორედ ამიტომაც მიმართეს სასამართლოს მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის შესახებ. რატომ დისკრიმინაციული? ამბობენ, რომ კონკრეტული ადამიანების დასჯის ფონზე, სახალხო დამცველის ოფისში თანამდებობებზე ინიშნებიან და რიგ შემთხვევაში წინაურდებიან უჩა ნანუაშვილთან და მის მოადგილესთან, ნათია კაციტაძესთან დაახლოებული პირები, მათ შორის ახლო მეგობრები.


როგორც ჩანს, სახალხო დამცველი ძვირად ღირებული ავტომობილის შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას არ ელოდა. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ შესყიდვა ყოველგვარი ტენდერის გარეშე, გამარტივებული გზით ჩატარდა. ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში კი ნანუაშვილი ვალდებული იყო, განცხადება შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე აეტვირთა, რაც ცხადია, იმთავითვე საკმაოდ დიდ ხმაურს გამოიწვევდა. ამიტომაც პირდაპირი შესყიდვის გზით, შეიძლება ითქვას, მალულად შეიძინეს 2016 წელს გამოშვებული შავი ფერის ავტომობილი Mercedes-benz GLA 250 4matic. და რა გასაკვირია, რომ ამ საგანგებოდ მიჩქმალული შესყიდვის შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელებამ ომბუდსმენი იმდენად გააღიზიანა, რომ საკუთარ თანამშრომლებს ეჭვის თვალით დაუწყო ყურება. ეჭვმიტანილთა შორის გახლავთ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურია, რომელმაც ომბუდსმენის წინააღმდეგ განცხადებით სასამართლოს მიმართა. პირველი სხდომა 27 ივნისს არის ჩანიშნული.


თავად ილია ჭანტურაია საქმის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა ადასტურებს, რომ სასამართლოს სარჩელით ნამდვილად მიმართა.


ჩემი მოთხოვნა ეხება იმას, რომ ჩემს მიმართ უკანონოდ იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება. მე მოვითხოვ ამის გაუქმებას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ არანაირ სამსახურებრივ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. უშუალოდ საქმის დეტალებზე ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას ილია ჭანტურაია. მისივე თქმით, დისკრიმინაციაზე საუბრობენ სხვა თანამშრომლებიც, ორი მათგანი კი, ასევე, ამზადებს სარჩელს სასამართლოში შესატანად.


„პრაიმტაიმი" თანამშრომელთა ბრალდებებზე განმარტების გასაკეთებლად სახალხო დამცველს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვებს ომბუდსმენის აპარატის პრესსპიკერმა, ანი თამაზაშვილმა უპასუხა:


- ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მიერ გასაჩივრებულია მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ვფიქრობთ, სადისციპლინო კომისიის მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, კანონი ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. თუმცა, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.


- ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე თანამშრომელი, ასევე, საუბრობს ნეპოტიზმზე და კონკრეტულად ასახელებს ქალბატონ ნათია კაციტაძეს, თითქოს კვალიფიციური კადრების გაშვების ხარჯზე ხდება თანამდებობებზე კაციტაძის ახლობლების დანიშვნა....

- საკონკურსო კომისია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის შექმნილი და მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში, უკვე მეოთხე წელია. კომისია შედგება 7 წევრისგან, რომელთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო მოხელეთა პროფკავშირების წარმომადგენლები და კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით (რაც ნიშნავს, მინიმუმ, ოთხ ხმას). კომისიის თავმჯდომარეა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, რომელიც, ასევე, აპარატის ხელმძღვანელიცაა. შესაბამისად, კომისიის ერთი წევრის მოსაზრება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება გადამწყვეტი კომისიისთვის. აქვე გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული კადრები, მათ შორის ბოლო წლებში კონკურსის შედეგად აყვანილი თანამშრომლები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით ადამიანის უფლებათა სფეროში. არაერთი მათგანი ადამიანის უფლებათა სფეროში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და საზოგადოებისთვის (განსაკუთრებით სამართლებრივ სფეროში მომუშავე პირებისთვის) კარგად ნაცნობი ადამიანები არიან. შესაბამისად, სრულიად არასერიოზულია სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულ პირთა პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენება. ფაქტია ისიც, რომ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა გაფართოვდა და დაიხვეწა არაერთი მიმართულებით, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ აპარატის თანამშრომლების უდიდეს ნაწილს მიუძღვის.


- რაც შეეხება ძვირად ღირებული ავტომობილის შესყიდვას... რა საჭიროებას წარმოადგენდა GLA-ის ავტომობილის ყიდვა, როდესაც ის არ ითვლება მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილად და ძირითადად ფუფუნების საგნად განიხილება?


- ამ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატის უფროსმა, ისევე, როგორც თავად სახალხო დამცველმა არაერთხელ გააკეთა უკვე კომენტარი.


„პრაიმტაიმმა" გადახედა ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისის მიერ გაკეთებულ განმარტებებს. მაგალითად, უჩა ნანუაშვილის მოადგილე პაატა ბელთაძე ირწმუნება, რომ სახელმწიფო ვალდებულიც კი იყო, ომბუდსმენის ავტომობილში 105 ათასი ლარი გადაეხადა.


ჩავატარეთ ერთგვარირისერჩი" სხვადასხვა შემოთავაზებების და იმ კონკრეტულ დროს რეალურად იყო ეს ვარიანტი, რომელიც შეესაბამებოდა იმ საჭიროებებს, რომელიც მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. „სახალხო დამცველის შესახებ" კანონში არის ასეთი ჩანაწერი, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველი ყველა იმ ტექნიკური საჭიროებით, რაც აუცილებელია მისი საქმიანობის წარმართვისთვის".


ჩვენთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელთა შორის უკმაყოფილოთა რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა ბევრი საჯაროდ საუბარს ერიდება და ამბობს, რომ „შესაძლოა, თავად გახდნენ დისკრიმინაციული მიდგომის მსხვერპლი". მათ ისღა დარჩენიათ, ყოველდღე, სამსახურში მისვლისას მდუმარებით ჩაიკითხონ ომბუდსმენის ოფისის პირველ სართულზე გამოკრული პასტორ მარტინ ნიმიოლერის ეს ცნობილი მიმართვა:


„როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირის წევრი არ ვყოფილვარ. კათოლიკეებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ... და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო..."


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner