პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს აღინიშნა, რომ მთავრობამ 2 მარტს გამოსცა განკარგულება საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ.
პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე – რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად.
გარდა ამისა, მთავრობის 2 მარტის განკარგულებით ცვლილებები შევიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში.
ცვლილებები მათ შორის გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი კორონავირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ესკორტირებას (მის ეკიპაჟთან ერთად) შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე; ასევე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჩანაცვლდება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც რისკჯგუფს არ განეკუთვნება, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია, ხოლო სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე), რომელიც საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, უკან დაბრუნებას ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას დაექვემდებარება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა წარადგინა ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შედეგად მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე და საქართველოს ეკონომიკაზე მისი პოტენციური გავლენის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშაოს სპეციალური გეგმა, ქვეყნის ეკონომიკაზე ვირუსის შედეგად შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ საზოგადოების ინტენსიურ რეჟიმში ინფორმირებისთვის. სწორედ ამ მიზნით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი www.stopcov.ge, სადაც განთავსდება ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რეგულარულად იკრიბება. ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მოქმედებს და მთავრობა პროცესს სრულად მართავს.