logo_geo
eng_logo
როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან კორონავირუსი, გრიპი და გაციება
- +

5 მარტი. 2020. 01:09

 

 

ერთი შეხედვით, ახალი კორონავირუსის,  „ჩვეულებრივი გრიპისა“ და „მარტივი გაციების“ სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. თუმცა განსხვავება ნამდვილად არსებობს. საინტერესოა, კონკრეტულად რით განსხვავდება ახალი კორონავირუსი გრიპისგან? ან რა საერთო და განმასხვავებელი სიმპტომები აქვთ გრიპსა და გაციებას?

 

ახასიათებს თუ არა ახალ კორონავირუსს სურდო?

არა. ახალი კორონავირუსის ტიპური სიმპტომებია:

-    სიცხე;

-    მშრალი ხველა;

-    სუნთქვის გართულება;

-    კუნთების ტკივილი;

-    დაღლილობა/სისუსტე;

-    იშვიათი სიმპტომებია: ნახველი, თავის ტკივილი, სისხლიანი ნახველი, დიარეა.

 

 

ახალი კორონავირუსის არატიპური სიმპტომებია:

-    სურდო;

-    ყელის ტკივილი.

 

 

სურდო და ყელის ტკივილი არის ზედა სასუნთქი გზების ტიპური ინფექციური სიმპტომები. ვისაც მუდმივად აცემინებს და სურდო აქვს, სავარაუდოდ, გაციება ან „ჩვეულებრივი გრიპი“ აღენიშნება. რადგანაც ახალი კორონავირუსი უფრო ქვედა სასუნთქ გზებს ეხება, ინფიცირებულებს, როგორც წესი, აქვთ მშრალი ხველა, სუნთქვის უკმარისობა და/ ან ფილტვების ანთება, მაგრამ არა- ყელის ტკივილი.

 

ახალი კორონავირუსის ტიპური სიმპტომები ყოველთვის ვლინდება?

არა, ის ხან ვლინდება, ხან კი - არა. დაავადებულთა უმრავლესობის შემთხვევაში ახალი კორონავირუსის ინფექცია მსუბუქი სიმპტომების ფონზე ან სულაც ყოველგვარი გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. ინკუბაციის პერიოდი კი, რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, 14 დღემდე გრძელდება.

თუ თქვენ გარკვეული სიმპტომები გაეჭვებთ ან უბრალოდ გეშინიათ, ყოველი შემთხვევისთვის მიმართეთ ექიმს. ეს უკანასკნელი სინჯს ლაბორატორიაში გაგზავნის, მიღებული შედეგი კი ყველაფერს ნათელს მოჰფენს.

 

გრიპი თუ გაციება? რა განსხვავებაა მათ შორის?

„ჩვეულებრივი გრიპისა“ და „მარტივი გაციების“ ერთმანეთისგან გარჩევა ხშირად ექიმებსაც კი უჭირთ. გაციებისას, როგორც წესი, ყველაფერი ყელის ტკივილითა და სურდოთი იწყება, ხველებით გრძელდება. რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტს ყელის ტკივილი, სურდო, ნახველით ან მშრალი ხველა, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი და სისუსტე აღენიშნება.

 

 

გრიპი, როგორც წესი, მოულოდნელად და მაღალი ტემპერატურით იწყება. პაციენტს თავის, სახსრებისა და ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა, 41 გრადუსამდე ტემპერატურა (ხშირად კანკალი) აღენიშნება. ამ დროს ადამიანს სურს იწვეს, თავს სუსტად გრძნობს, უმადობა აქვს და შეუძლია საათობით იძინოს.

 

 

გაციების სიმპტომები, როგორც წესი, რამდენიმე დღის შემდეგ სუსტდება. გრიპი კი უფრო ხანგრძლივია. ის, სულ ცოტა, ერთ კვირას და ხშირად რამდენიმე კვირასაც კი გრძელდება. ამიტომაც ექიმები გრიპის საწინააღმდეგო აცრას უწევენ რეკომენდაციას. ამ მხრივ, მაღალი რისკის ჯგუფს 60 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადების მქონე, ნებისმიერი ასაკის ადამიანები მიეკუთვნებიან. ამ კატეგორიაში არიან ფეხმძიმეები და მომსახურე სფეროს წარმომადგენლები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner