საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია ეხმაურება ევროპარლამენტარების კიდევ ერთ წერილს, რომელსაც „ფორმულა“ ავრცელებს და ეხმაურება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრების გამოჩენაზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსების მხრიდან.
„მინდა განსაკუთრებული თხოვნით მივმართო საქართველოში ევროკავშირის ელჩს რომლის ობიექტურობაში მოვლენების შეფასების დროს არასოდეს მეპარებოდა ეჭვი, რომ საზოგადოებისათვის ძალიან რთულია გაიგოს სად გადის ზღვარი ქვეყნის უკეთესი მომავლის სურვილით მოტივირებულ შენიშვნებსა და პოლიტიკურ პროცესებში ზემოქმედების სურვილს შორის. ამიტომ, თუ საზოგადოების დიდ ნაწილს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ამ რჩევებისა და მოსაზრებების უკან შეიძლება იკითხებოდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის გარკვეული სურვილი, ეს ყველაზე მეტად აზიანებს ევროპული ღირებულებებისადმი და სამართლიანი შეფასებებისადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას, რაც თავის მხრივ სწორედ რუსეთის ინტერესებშია და არაფერი არ ემსახურება ასე აშკარად და პირდაპირ რუსული ინტერესების გაფართოებას საქართველოში, როგორც ასეთი ტიპის ეჭვების გაჩენა დასავლური დემოკრატიის მიმართ“, - აცხადებს რომან კაკულია.