„ოპოზიციას თუ ჰგონია, რომ ამ დემარშით დისკომფორტი მოუწყეს „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტს, ძალიან ეშლებათ. გაცილებით მწვავე იქნებოდა, მოეთხოვათ კითხვა-პასუხის რეჟიმი და ღირსეული ოპონირება გაეწიათ პრეზიდენტისთვის“, - ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „რეპორტიორთან“ საუბარში განაცხადა.
ანალიტიკოსი თვლის, რომ მავანთა მიერ, ქვეყნის პრეზიდენტის არაღიარება, ბავშვური საქციელი და დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია.
„უნდა მივიღოთ შედეგი, რომელიც აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ და ამ საკითხას უნდა დაესვას წერტილი, - „ჩვენი პრეზიდენტი არაა და ამიტომ არ ვესწრებით ანგარიშს“, „ივანიშვილმა დაგვასვა თავზე“ და ა.შ. - ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. საინტერესოა, გრიგოლ ვაშაძე რომ გასულიყო, „ქართულ ოცნებას“ უნდა ეთქვა, რომ „სააკაშვილმა დაგვასვა თავზე“? მე ვფიქრობ, გარდა იმ ვიწრო პოლიტიკური მხარდამჭერებისა, ასეთ მიდგომებს საზოგადოებაში მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და კიდევ მეტი უარყოფითი რეაქცია ექნება, რაც დრო გავა. ვინც გაიმარჯვა, უნდა აღიარო... წარმოგიდგენიათ, კონგრესში მიდის ტრამპი და იქ დემოკრატებმა რომ დარბაზი დატოვონ?! იცით, როგორი მძიმე ურთიერთობა და პოლიტიკური ბრძოლა აქვთ მათ მთელი სამი წლის განმავლობაში, მაგრამ არ ხდება ასე. მიუხედავად მკვეთრი განცხადებებისა, ცარიელი დარბაზი რომ დაახვედრონ პრეზიდენტს, ეს ხომ აბსურდია“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
ამირან სალუქვაძე „რეპორტიორთან“ შეწყალების საკითხზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მწვავე კითხვები უნდა დაისვეს ტრიბუნასთან, რისი მექანიზმიც მხოლოდ დეპუტატებს გააჩნიათ და ეს შესაძლებლობა მათ უნდა გამოიყენონ.
„როცა გაქვს პრეტენზიები, გაქვს მწვავე კითხვები, რისთვის არის ის ტრიბუნა? ფიქრობენ, რომ ამ თავიანთი დემარშით, დისკომფორტი შეუქმნეს „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტს. მეც მაქვს მწვავე რეაქციები და კითხვები შეწყალების თემაზე. ამას ხშირად აღვნიშნავ და სულაც არ ვერიდები არავის, იმიტომ, რომ რასაც წინა პრეზიდენტს ვუწუნებდი, იგივე მოხდა. მე მინდა, რომ ეს იყოს გამართული და სამართლიანი მექანიზმი, რომ კითხვები არ დაგვრჩეს. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვინ შეიწყალოს და ვინ არა, მე უნდა მქონდეს ამ პროცესისადმი მაქსიმალური ნდობა, რაც არ მაქვს და არ მქონდა არც პრეზიდენტ მარგველაშვილის მმართველობის პერიოდში. 3000 ადამიანი შეიწყალა მარგველაშვილმა და იქაც სრული გაურკვევლობა იყო. როგორ შეიძლება, კონვეიერული წესით, 5 დღეში ათასზე მეტი საქმე განიხილო, ტომები წაიკითხო და 200-300 ადამიანი შეიწყალო?! მაგრამ სისტემა ასეთია, მოდის ერთი აბზაცი, წაიკითხავენ და ხელს აწერენ, რაც არის აბსურდი.
პრეტენზია ბევრ რამეზე შეიძლება გვქონდეს, როგორ შეიძლება უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან მიმართებაში არ გქონდეს კითხვები?! მაგრამ ის, რომ მე მაქვს კითხვა, ხომ არ ნიშნავს, რომ მე ვარ ცამდე მართალი?! ყველას შეიძლება ჰქონდეს მწვავე კითხვები, მაგრამ მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს უშუალოდ ადგილზე დავუსვა უმაღლესი თანამდებობის პირს. ამის შესაძლებლობა აქვთ დეპუტატებს და ამიტომაც ვირჩევთ მათ. მწვავე კითხვები, რომლებიც ჩვენ გვინდა გავაჟღეროთ, დეპუტატებმა უნდა დასვან. მათ კი მოაწყვეს „ბავშვთა სამყარო“, რომ თურმე „მათი პრეზიდენტი არ არის“; რომ თურმე გაბუტულები არიან... ოპოზიციამ თავისი დემარშით სრული კომფორტი მოუწყო „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტს. თუ ჰგონიათ, რომ მათი ეს საქციელი ხვალ ვინმეს ემახსოვრება ან დისკომფორტი შექმნეს ამით მმართველ გუნდში, ძალიან ცდებიან. გაცილებით მწავე იქნებოდა, მოეთხოვათ კითხვა-პასუხის რეჟიმი, გაეწიათ ღირსეული ოპონირება პრეზიდენტისთვის და ყოფილიყვნენ ორიენტირებული პრობლემურ საკითხებზე“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ პარლამენტში, წლიური მოხსენებით წარსდგა. ოპიოზიციური პარტიის წარმომადგენლები სხდომას, ბოიკოტის ნიშნად, არ ესწრებოდნენ.