ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ისევ წამოვიდა ლანძღვა-გინების ნიაღვარი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მისამართით. ატეხილია გნიასი, კბენა-ღრენაში ერთმანეთს ეჯიბრებიან ისინიც, წერა-კითხვასთან რომ მწყრალად არიან.
მიზეზი ბანალურია. სამარცხვინო. ბოღმა ტრადიციული: თურმე, მთავრობამ მეცნიერებათა აკადემიას სახელფასო ფონდი გაუზარდა ასი ათასი ლარით.
ერთადერთი, რაც საქმეში ოდნავ ჩახედულ, ნორმალურ და წიგნიერ ადამიანს შეუძლია, არის შეძახილი: თავი დაანებეთ აკადემიას!
ყელში გაქვთ გაჩხერილი?!
რა დივიდენდებს გაძლევთ მისი განადგურება? მხოლოდ პოლიტიკურს - ოდნავ მაინც შეამციროთ „ქართუს“ მიმართ მადლიერებით გამსჭვალულ ადამიანთა რაოდენობა. ეს არის და ეს, მეტი არაფერი!
რაც უწიგნურმა და ბოროტმა ლომაიამ ვერ მოასწრო, თქვენ გინდათ დააგვირგვინოთ?
არ (ვერ) პატიობთ ივანიშვილისთვის დაბიდუბის მილოცვას? რატომ? ვიმეორებ: სიკეთეს რომ მადლიერებით უპასუხეს?!
საკითხავია, საიდან ხართ „ამოსული“ ასეთი პატარა კაცუნები?
აკადემია ჩვენი ისტორიაა. მისი წარმატებაც (რაც აშკარაა!) და ნაკლიც (იცოცხლე, რამდენიც გინდა!) - ორივე ჩვენია. „საკუთრებაა“ მთელი ერის!
აქსიომაა: აკადემიას, მის მთელ სისტემას უფრო მეტი ყოველთვის ჰქონდა გამარჯვება. ამიტომ არის სამაყო - მომავალი ბერიტაშვილების, მუსხელიშვილების, ჯავახიშვილების, უზნაძეების, ნუცუბიძეების, შანიძეების, კეკელიძეების, ვეკუების, აბაშიძეების და სხვა ბუმბერაზების აღზრდა-გამოვლინებისთვის აუცილებელი მაგალითი და სამჭედლო.
ვისაც ეს არ ესმის, ვინც წვრილმანების ჩხრეკით არის დაკავებული, არა მარტო უგნურია, არამედ საცოდავიც.
P.S.: კურიოზული მომენტი კი ამ „ფაქტის“ გაშუქებისას ის არის, რომ... სახელფასო ფონდი (სხვათაშორის, მიზერული) აკადემიისთვის არავის გაუზრდია. არავის!
მთავრობის ეს სწორი, სასიხარულო და სასარგებლო დადგენილება, როგორც ირკვევა, ეხება უნიკალურ ეროვნულ ინსტიტუტს - „ქართული ენციკლოპედიის“ მთავარ რედაქციას, რომელიც მეცნიერებათა აკადემიამ შეიფარა, შეიკედლა და ზრუნვა-პატრონობას არ აკლებს მას შემდეგ, რაც „რომელიღაც“ უგნურმა ხელისუფლებამ და კიდევ უფრო იდიოტმა მაღალჩინოსნებმა ენციკლოპედიას მისთვის მეცნიერების „მტრის“ - კომუნისტური მთავრობის მიერ მისთვის საგანგებოდ აშენებული ნავსაყუდელი უცერემონიოდ წაგლიჯეს.
ეს არის და ეს. მადლობა გახარიას მთავრობას.
რა მნიშვნელობა აქვს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისთვის „ქართულ ენციკლოპედიას“, ამის ახსნა მხოლოდ ბრიყვებისთვის არის საჭირო.
კოლეგებო (და მოცანცარო არაკოლეგებო), ეგებ ღირდეს, როცა ეროვნულ ინსტიტუტებზე ვწერთ, გამოვიჩინოთ მეტი სიბრძნე, სერიოზულობა და სიფაქიზე.
ნუ მოვჭრით იმ ტოტს, რომელზედაც ვსხედვართ...