„არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის უპრეცედენტო და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც თქვენი სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა კიკნაველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლა მიმდინარეობს.
პარლამენტის წევრმა ვიცე-პრემიერს ორი საკითხისადმი მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა.
„ორ საკითხზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებად. ორივე საკითხი ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ეხება. ერთი ეს არის ქალაქის ცენტრალური ნაწილი - აღმაშენებლის ქუჩა და კვალითის დასახლება, რომლის საპროექტო სამუშაოები უკვე დაასრულა მუნიციპალური განვითარების ფონდმა და ახლა მნიშვნელოვანია, მალე დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
მეორე საკითხი ეხება წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. საუბარია ქალაქის მეორე ნაწილზე და ასევე, სოფელ ქვედა საქარა, არგვეთა, ზოვრეთის მიმართულებაზე. ეს საკითხი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, მინდა ამ მიმართულებით გთხოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.