საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ცხრა ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის საფუძველზეც გამოძიებამ თითოეულ ამ საქმეზე მოიპოვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტები.
2011 წელს გაიოზ ჯავახიშვილი, გელა სანიკიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, დავით ზირაქაშვილი და ზურაბ დათუკიშვილი გაასამართლეს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დადგენილი წესის დარღვევით გადატანის მომზადებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. თავდაპირველად, გამოძიება აღნიშნულ პირებს ედავებოდა, რომ 2010 წლის ზაფხულიდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი გაიოზ ჯავახიშვილი და ხვიჩა კურტანიძე აპირებდნენ მათ ხელთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანაშვილის აბრაზე შესრულებული ნახატის „კახური ღვინო“-ს 500 000 აშშ დოლარად უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებას, სათანადო ნებართვის გარეშე. აღნიშნული ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით, მათ დასახმარებლად მიმართეს მეგობრებს - იურიდიული მომსახურების ცენტრის დამფუძნებლებს გელა სანიკიძესა და ალექსანდრე ფურცხვანიძეს, რომლებიც, თავის მხრივ დაუკავშირდნენ ადვოკატ დავით ზირაქაშვილს და მის მეგობარს იურისტ ზურაბ დათუკიშვილს, რომელთა დახმარებითაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული ნამუშევრის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადატანა და შემდგომში გასხვისება.
აღნიშნული ბრალდებით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებულნი იქნენ: გაიოზ ჯავახიშვილი, გელა სანიკიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, დავით ზირაქაშვილი და ზურაბ დათუკიშვილი, რომლებთანაც 2011 წელს გაფორმდა საპროცესო შეთანხმებები, სხვადასხვა სასჯელებზე შეთანხმებით.
2010 წელს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი - გიორგი შერაძე, მისი პირველი მოადგილე - შოთა მაისურაძე და მოადგილე - გურამ ჩიჩუა. მათ მსჯავრი დაედოთ 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „მუხრანის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სესხის ნაწილის - 2 138 300 ლარის გაფლანგვისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განაჩენით - გიორგი შერაძე, შოთა მაისურაძე და გურამ ჩიჩუა ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ პირებთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება საპატიმრო სასჯელზე საკმაოდ სოლიდური ჯარიმების სანაცვლოდ.
რაც შეეხება ნიკოლოზ კიკვილაშვილს, მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა. 2008 წლის 11 ივნისს, გორის რაიონის სოფელ ტყვიავის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „იასონას სასადილოსთან“ ნიკოლოზ კიკვილაშვილი იმყოფებოდა (შემდგომში პოლიტპატიმრად ცნობილ) თემურ ნაოჭაშვილთან ერთად, რა დროსაც განხორციელდა მათი დაკავება შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. 2009 წლის 19 მარტს ნიკოლოზ კიკვილაშვილი გასამართლებული იქნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აბრაზე შესრულებული ნახატი „კახური ღვინო“ არასდროს ყოფილა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი, რასაც ბრალდების ძირითადი არგუმენტი ემყარებოდა, ასევე არ ჰქონია ადგილი მისი საზღვარგარეთ გატანისა და გასხვისების მცდელობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნამუშევარს არ ჩატარებია სათანადო ექსპერტიზა და შესაბამისად, ბრალდების პირვანდელი ვერსია, თითქოსდა ნახატი შესრულებული იყო ფიროსმანის მიერ, მხოლოდ ცალკეულ სპეციალისტთა მიერ ვიზუალური დათვალიერებით შექმნილ მოსაზრებას ეყრდნობოდა.
გ. შერაძის, შ. მაისურაძის და გ. ჩიჩუას მსჯავრდების საქმეების ხელახალი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ მათ მიერ ადგილი არ ჰქონია ჩატარებული სამუშაოების პროცესში, გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და გაფლანგვას. უფრო მეტიც, მათ მიერ მასალების შეძენა განხორციელდა არსებულ საბაზრო ფასებზე ნაკლებ ფასად, ხოლო ხარისხი და ელექტროგადამცემი სადენების ტექნიკური მახასიათებლები, რიგ შემთხვევებში აღემატებოდა პროექტით განსაზღვრულ მაჩვენებლებს, რაც თავის მხრივ, შეთანხმებული იყო დამკვეთთან.
რაც შეეხება ნიკოლოზ კიკვილაშვილს, მის საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დადგენილი იქნა, რომ დაკავების ადგილზე არ მომხდარა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების შედგენა. ასევე, სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებობდა მისი და თემურ ნაოჭაშვილის დაკავების არალეგიტიმური ინტერესი. შესაბამისად, ეჭვქვეშ დადგა მათი მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ფლობის ფაქტი. აქვე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 27 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიტპატიმარ თემურ ნაოჭაშვილის მიმართ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი და სრულად გაიზიარა ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები.
საქმეებზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულების მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ცხრავე მსჯავრდებულის მიმართ პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილებები მსჯავრდებულის უფლების არსებითად დარღვევის თაობაზე, შესაბამისად, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით, დეპარტამენტის მუშაობის შედეგად შელახული სამართლებრივი უფლებები აღუდგა 335 მოქალაქეს.