6 მარტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის, რიზა თუნა თურაგაის ხელმძღვანელობით წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.
საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეხვდა შემოსავლების სამსახურის უფროსს, ლევან კაკავას. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური და საბაჟო საკითხები. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მხარეთა კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის ავტომატური გაცვლის გზით, საბაჟო გამშვები პუნქტების გამტარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო მიმოსვლის ხელშეწყობის საკითხებზე. ასევე განხილულ იქნა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ფიტოსანიტარიული კონტროლის პროცედურები და ორმხრივი სამართალაღსრულების გაღრმავების მექანიზმები.
დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს არსებული მდგომარეობა და სრული მხარდაჭერა გამოხატეს თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების პროცესში.
შეხვედრას დაესწრნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია.