logo_geo
eng_logo
ფორბსი: აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შეიძლება საქართველოში მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა წაახალისოს
- +

6 მარტი. 2020. 21:28

„რატომ მოუნდა უცებ ყველას საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება?“ - ამ სათაურით აქვეყნებს საერთაშორისო გამოცემა „ფორბსი“ სტატიას, სადაც გაანალიზებულია აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მთავარი ფაქტორები და პერსპექტივები.

 

 

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, ასევე საუბარია აშშ-ის გავლენიანი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების - კონსერვატიული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის წარმომადგენლების - ჯეიმს კარაფანოსა და ალექსის მრაჩეკის, აგრეთვე ყოფილი კონგრესმენის ფლორიდის შტატიდან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ტრიბუნალის ყოფილის თავმჯდომარის ჯეიმს ბაქუსის მხრიდან საქართველოსთან აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მხარდაჭერაზე.

 

 

სტატიის თანახმად, ჯეიმს კარაფანოსა და ალექსის მრაჩეკის მოსაზრება ეფუძნება Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, რომლის მიხედვითაც საქართველო და ლუქსემბურგი ერთ პოზიციაზე არიან, ხოლო 2019 წელს ინდექსში საქართველოს ადგილი ლუქსემბურგის პოზიციაზე 1 პუნქტით უკეთესიც კი იყო.

 

 

„ფორბსში“ სტატიის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი მიმართულებებია მომსახურების სექტორი, ტურიზმი, ნედლეული, ღვინო და მსუბუქი მრეწველობა. ასევე, სტატიის თანახმად, საქართველოს მაღალი პოზიცია აქვს საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში საქართველო მე-7 ადგილზეა.

 

 

სტატიაში განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებულია საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან.

 

 

 „6 წლის წინ, საქართველომ გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რაც ნიშნავს ტვირთების თავისუფალ გადაზიდვას და მოქალაქეთა თავისუფალ მიმოსვლას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. გარდა ამისა, საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და თურქეთთან. დაახლოებით 8 წელია, რაც Heritage Foundation-ი აქტიურად უჭერს მხარს აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, ასახელებს რა მსგავს შეთანხმებას ჩინეთთან, როგორც ამისთვის კიდევ ერთ საკმარის მიზეზს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

სტატიაში მოყვანილია ორგანიზაცია PwC-ის 2018 წლის მაისის კვლევის პროგნოზი, რომლის თანახმადაც საქართველოსა და აშშ - ის შორის ასეთი შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, შემდგომი 3 წლის განმავლობაში, 2 ქვეყანას შორის საქონლის ბრუნვა გაიზრდება და 2023 წლისთვის იქნება 515 მილიონი დოლარით მეტი იქნება.

 

 

სტატიის თანახმად, ამჟამად საქართველოში 270-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა წარმოდგენილი სხვადასხვა სფეროში, ძირითადად სასტუმროების, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სექტორებში.

 

 

„აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შეიძლება წაახალისოს საქართველოში მეტი უცხოელი ინვესტორის შემოსვლა“, - აცხადებს Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის შესწავლის განყოფილების დირექტორი ლუკ კოფი. მისი შეფასებით, აშშ - საქართველოს სავაჭრო შეთანხმება ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო, რადგან ამით გაძლიერდება აშშ-ის პოზიციები რეგიონში, ხოლო საქართველო მიიღებს დახმარებას თავისი ეკონომიკის განვითარების და დასავლურ კაპიტალისტურ დემოკრატიებთან დაახლოების კუთხით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner