გოგირდის აბანოების მეპატრონეები საქართველოს ექს-პრემიერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ.
„ბატონო ბიძინა, მოგმართავთ თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეების სახელით. ჩვენ უკვე არაერთხელ მივმართეთ შესაბამის უწყებებს და ქვეყნის ხელისუფლებას.
კომპანია „ჯორჯიან უოთერს ენდ ფაუერმა" გამოიყენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი და აბანოებს დაღვრილი წყლის გატარება-გაწმენდის გადასახადი გაუათმაგა. უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ აღნიშნულ კომპანიებთან შეხვედრას და საკითხის მოგვარებას, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი ბოლო იმედი პრობლემის მოსაგვარებლად ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების, კანონმდებლების, დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობის ჩართვა გახლდათ. სამწუხაროდ, ვერც ამ ქმედებებს მოჰყვა რაიმე შედეგი და ჩვენ კვლავ უშედეგოდ ველით, რომ საკითხი კონსტრუქციულ ფარგლებში, ცივილიზებული გზით მოგვარდება.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", როგორც ქ. თბილისის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ლიცენზიანტი, აბანოების შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს სთხოვს აბანოს ფუნქციონირების შედეგად მოხმარებული წყლის გადასახადთან ერთად, გოგირდის გეოთერმული წყლების მოხმარების შედეგად საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის ღირებულებას. ხსენებულმა კომპანიამ აღნიშნული მომსახურების საფასური შეცვალა და 1 კუბურ მეტრზე 0,90 თეთრი, სემეკ-ის მიერ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ზღვარი დაგვიწესა.
იძულებულნი ვხდებით, მივმართოთ უკიდურეს ზომებს, რადგან შესაბამისი უწყებებისადმი ჩვენი არაერთი მიმართვისა და თხოვნისა, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება და თბილისის გოგირდის აბანოების ყოფნა-არყოფნის საკითხი დღითი დღე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან GWP-ს მიერ უკანონოდ დარიცხულმა დავალიანებამ უკვე 100 ათას ლარს გადააჭარბა.
გაცნობებთ, რომ გოგირდის გეოთერმული წყლები წარმოადგენს თვითმდენ მიწისქვეშა წყალს და დღე-ღამის განმავლობაში ჭაბურღილიდან თვითდენით გამოედინება დაახლოებით 1000 კუბური მეტრის ოდენობით. წყლის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია თვითმდენი საბადოს თუნდაც დროებით დაკეტვა. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება გარემოს დაცვის სამინისტრო, რადგან გოგირდის წყალი მიეკუთვნება აგრესიული წყლების კატეგორიას და ჭაბურღილის გადაკეტვა გამოიწვევს საბადოს ამოხეთქვას, დებეტების შემცირებას, ან საბოლოოდ დაკარგვას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ჩვენს კომპანიებს გადასახადი გაუათმაგა. არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, არ ითვალისწინებს საქმიანობის სპეციფიკას და უარს ამბობს ჩვენთან მოლაპარაკებაზე. მისი მიზანია აბანოების გაკოტრება და საბოლოოდ ხელში ჩაგდება. სწორედ ესაა „საქართველოს ბანკის" სტილი, ხოლო „GWP" უკვე „საქართველოს ბანკის" საკუთრებაშია.
ბატონო ბიძინა, შპს „ბახმა", შპს „ჯორჯიან სპა", შპს „შაკო", შპს „ჭრელი აბანო" და შპს „ნარიყალა" თქვენ მოგმართავთ თხოვნით, შეაფასოთ ჩვენი მდგომარეობა და შესაბამის სამსახურებს მისცეთ რეკომენდაცია, განიხილონ დაღვრილი წყლის გადასახადის გადახდის წესი, გაითვალისწინონ თბილისის აბანოების განსხვავებული სპეციფიკა, ტურისტული და ისტორიული მნიშვნელობა. გთხოვთ დაგვეხმაროთ თბილისის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის გადარჩენაში.
ჩვენი სურვილია გულდასმით შეისწავლოთ ჩვენი სატკივარი და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებლობის ფარგლებში, დაგვეხმაროთ.
გარწმუნებთ, რომ ვერც ერთი ზემოთ ხსენებული აბანოს შენობის მესაკუთრე ვერ გადაიხდის დაკისრებულ გადასახადს და იძულებული გახდება შეაჩეროს დაწესებულების ფუნქციონირება. სამსახურს დაკარგავს ასეულობით ადამიანი, ბიუჯეტი დაკარგავს შემოსავალს, თბილისი დაკარგავს უმნიშვნელოვანეს ტურისტულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობას _ დედაქალაქი დარჩება გოგირდის აბანოების გარეშე!
თუ ჩვენი პრობლემა უახლოეს მომავალში არ გადაწყდება, იძულებულნი გავხდებით მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ზომებს - შევაჩეროთ აბანოების მუშაობა, გავმართოთ საპროტესტო აქციები და საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ქვეყნისთვის საამაყო ისტორიულ ძეგლს სახელმწიფოსგან შველა სჭირდება.
პატივისცემით, თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეები", - ნათქვამია მიმართვაში.