„ინფიცირებული 12 შემთხვევიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობის ისტორიასთან“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც იტალიიდან ჩამოსულ ხალხთან ჰქონდა კონტაქტი.
„30 იანვრიდან მოყოლებული, ჩვენთან იყო 319 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას. დღევანდელი მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა. გუშინ ლუგარში გამოკვლეული იყო 39 შემთხვევა და აქედან 3 შემთხვევა არის დადებითი. ამ 12 შემთხვევის უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს, ხოლო 2 დაკავშირებულია ირანში მოგზაურობის ისტორიასთან. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით შესწავლილია 76 ადამიანი და 50-ის შესწავლა მიმდინარეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.