„თუკი მოქალაქეები მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ჯანდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებენ, კორონავირუსის გავრცელების რისკები შემცირდება და უფრო კონტროლირებადი გახდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, გავრცელება, რა თქმა უნდა, შემცირდება და იქნება მეტად კონტროლირებადი. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მაღალ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენენ, ჯანდაცვის სამინისტროსთვის გართულდება ბევრად ინფექციის მართვა. მაგრამ ამ ეტაპისთვის მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება, კორონავირუსის გავრცელების რისკებს ამცირებს.
„რა თქმა უნდა, როდესაც ინფექციის გადატანა ხდება უკვე ქვეყანაში, მოსახლიდან მოსახლეზე, სიტუაცია უკვე რთულდება, ბუნებრივია, ეს მეტ საფრთხეს ქმნის, თუმცა, ესეც არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს. მე მაქვს ძალიან დიდი თხოვნა მოქალაქეებთან: თუ ვინმეს აქვს ეჭვი, რომ მათ ჰქონდათ ინფიცირებულთან კონტაქტი, შეგვატყობინონ მოქმედ ცხელ ხაზებზე. ამის შემდეგ, ისინი შეავსებენ კითხვარს და ჩვენ შემდეგ დავგეგმავთ მათთან დაკავშირებით პრევენციულ ნაბიჯებს. გვაქვს საკარანტინო ზონები სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში მოწყობილი, რომლებიც მზად არიან პაციენტების მისაღებად. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა, შესაბამისად, მსოფლიო არის მობილიზებული, რომ დაძლიოს ეს პრობლემა. თუ მოსახლეობა ჩვენთან ითანამშრომლებს, სიტუაცია იქნება ბევრად მსუბუქი და დაექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძის განმარტებით, კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს მასშტაბით მობილიზებულია რამდენიმე საავადმყოფო:
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე საავადმყოფო მობილიზებული, ეს არის ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო, ასევე გვაქვს მობილიზებული საკარანტინე ადგილები, პალატები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მზად არის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, საჩხერის საავადმყოფო და იმის მიხედვით, თუ სად იქნება პაციენტი აღმოჩენილი, მისი გადაყვანაც მოხდება შესაბამისად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობა იმსჯელებს იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და ვირუსი სხვებს გადასდო.
„ვფიქრობ, მთავრობა ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებს და ალბათ, ერთობლივი გადაწყვეტილებით დაგიბრუნდებით და გიპასუხებთ კითხვაზე. თუმცა, მინდა განვმარტო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, პრევენციას და შემდგომ უკვე გამოვლენილი კლინიკური ნიშნების მართვას. დანარჩენ თემებზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს ერთობლივად და გადაწყვეტილებას, შესაბამისად მივიღებთ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.