პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მ.ლ. - ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ქ. ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მ.ლ. - ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 5 მარტს, მ.ლ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გენდერის ნიშნით, გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანა არაერთხელ დაარტყა ყოფილ მეუღლეს ს.ჩ-ს, რომელმაც გაქცევა შეძლო.
მ.ლ, ვინაიდან გადაწყვეტილი ჰქონდა ს.ჩ-ს მოკვლა, დაეწია მას და კვლავ მიაყენა დანით მრავლობითი დაზიანება. შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მ.ლ.-ს გააგდებინეს დანა, დაზარალებული კი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დროული სამედიცინო ჩარევით შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
მ.ლ-ს წარედგინა ბრალდება ყოფილი მეუღლის მიმართ, გენდერის ნიშნით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109 მუხლის მეორე ნაწილის "დ" პრიმა და "ვ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.