პარლამენტში 11 მარტს, საარჩევნო სისტემის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება მოხდება. ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დიპლომატებს. შეთანხმება მიღწეულია. ეს არის ის მოდელი, რომელზეც შედგა შეთანხმება თავისი დეტალებითა და ნიუანსებით. რაც შეეხება პროცედურულ მხარეს, ოთხშაბათამდე გვაქვს ვადა იმისათვის, რომ დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი. მანამდე კი მომზადდება კანონპროექტი“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.