“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, თუ როგორი წესით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები,” - ამის შესახებ თბილისის მერმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძის განცხადებით, არჩევნებს არა საარჩევნო სისტემები, არამედ საზოგადოების მხარდაჭერა იგებს და „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ამას დაუმტკიცებს.
„კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ საარჩევნო სისტემები არ და ვერ იგებს არჩევნებს, არამედ არჩევნებს იგებს საზოგადოების და ხალხის მხარდაჭერა, რომელიც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ გააჩნია“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.
გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გამართეს და საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი განიხილეს, თუმცა საბოლოო შეთანხმებას მხოლოდ ახლა მიაღწიეს.