საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გამორიცხავს. ამის შესახებ ივანიშვილმა ბეჭდვითი და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის რჩება ბიზნესში.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ „რატომ იღებს დარტყმას თავის თავზე", ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის „ამ ქვეყნის შვილია და მისი კეთილდღეობა სურს".
„ამ ქვეყნის შვილი ვარ და იმიტომ. არ იფიქროთ, რომ რაიმე პრივილეგია გამაჩნია. მინდა, ჩემი ქვეყანა იყოს სტაბილური და დემოკრატიული. მაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ გამოვიყენო ყველა შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მოხერხდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მან ოდესღაც თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდებოდა, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ „ალბათ ეს დღე აღარ დადგება".
„მომავალში საერთოდ სიტყვა „ალბათსაც" გამოვრიცხავ, რადგან არარელურია, რომ რაიმე მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და ჩემი დაბრუნება გახდეს საჭირო", - აღნიშნა ივანიშვილმა.