აღარ არის გურამ გეგეშიძე, თანამედროვე ქართული პროზის მეტრი, რომელმაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ჩვენს მწერლობას თანათაობელებთან და თანამოაზრეებთან ერთად შესძინა ის, რაც მას ყველაზე მეტად აკლდა – სიმართლე.
მწერლობის ავანსცენიდან ნელ-ნკელა მიდის თაობა, რომელსაც გურამ რჩეულიშვილის თაობა ვუწოდეთ და არცთუ უსაფუძვლოდ.
მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანების დასაწყისში ამ თაობამ დაიწყო ახალი ღირებულებების, ახალი მსოფლმხედველობის, ახალი სტილის დამკვიდრება, რასაც თან ახლდა ახალგაზრდული სითამამე, რადიკალიზმი, თვითრწმენა, ზოგჯერ შეცდომებლიც და, უნდა ითქვას, ეს იყო სავსებით სწორი, მართებული გზა, რადგან სხვაგვარად, სხვა საშუალებით, სხვა სახით შეუძლებელი იქნებოდა სოციალისტური რეალიზმის კონიუნქტურული ჩარჩოების დამსხვრევა, საერთოდ, შეუძლებელი იქნებოდა წერა, რადგან ისინი სინდისის კარნახით, იმანენტურად, გულის პრინციპით წერდნენ.
თაობამ გაამართლა. მათ საფუძველი ჩაუყარეს ახალ ქართულ პროზას.
თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო გურამ გეგეშიძე, რომელმაც შეძლო ანტიუტოპიური მოტივები შეეტანა მკაცრად იდეოლოგიზებულ პროზაში.
ოსტატობასა და სწორ მსოფლმხედველობასთან ერთად, მასში იყო სიმამაცის ის ხარისხი, რომელიც საშუალებას აძლევდა უშუალოდ, პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვრის გარეშე შეხებოდა აკრძალულსა და საშიშ თემატიკას.
ამ სულისკვეთებით აქვს შექმნილი რომანები „ქართლის ჭირის“ ციკლიდან: „ხმა მაღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“, „ნათლისქრობა“: მოთხრობები: „დევნილი“, „ჟამი“, „დიდება“, „საყდარი“...
შესაძლოა კომპარატივისტული ბანალურობა იყოს ამის აღნიშვნა, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ გურამ გეგეშიძის შემოქმედება მისივე ცხორვების გაგრძელება იყო, მორალურ-ზნეობრივი და ზოგჯერ, პრაქტიკული თვალსაზრისითაც...
დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს თბილისში, ექიმების ოჯახში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი საშუალო სკოლა (ახლანდელი პირველი გიმნაზია). 1952-57 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე, 1960-62 წლებში კი – მოსკოვის უმაღლეს სასცენარო კურსებზე.
1971-1990 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად, 1992-1997 წლებში იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ კი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
ბავშვობა გაატარა თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ უბანში, სოლოლაკში, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ქალაქური ყოფა-ხხოვრების ძველი და ახალი, ტრადიციული და თანამედრვოე ფორმები, იმ დროს არც ტელევიზორი არსებობდა, არც კომპიუტერი. სამაგიეროდ, არსებობდა ბიბლიოთეკები და სამკითხველოები, სადაც მუშაობდნენ სათნო და კეთილი ადამიანები, რომლებიც ყველას გულისყურით ურჩევდნენ წიგნებს.
თორმეტი წლისას თითქმის უკვე გადაკითხული ჰქონდა ყველა ის სათავგადასავლო და სამოგზაურო ლიტერატურა, რაც ქართულად არსებობდა, შემდეგ რუსული წიგნების კითხვაც დაიწყო, მან უფრო გაუფართოვა თვალსაწიერი და ერთ მშვენიერ დღესაც მიხვდა, რომ მარტო კითხვა აღარ აკმაყოფილებდა, რაღაც სხვა სურდა, სხვა რამ შეუჩნდა მის გულსა და სულს. ეს სხვა რამ მწერლობის ჭია იყო.
ლექსებით დაიწყო, მოთხრობებზე მოგვიანებით გადავიდა და პირველივე ცდა წარმატებით დაგვირგვინდა. 1956 წლის დეკემბრის დამდეგს თბტილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი მოთხრობების ორდღიანი განხილვა მოეწყო. 93-ე აუდიტორია ორი დღის განმავლობაში ლიტერატურის მოყვარულებს ვერ იტევდა. ცხარე დებატები გაიმართა. ზოგი აქებდა ახალგაზრდა მწერალს, ზოგი ლანძღავდა, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ ეს იყო ისეთი რამ, რაც მანამდე არ წაეკითხათ. პირველი მოთხრობა 1957 წელს ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა ექვსი რომანი – „ცოდვილი“ (1968), „სტუმარი“ (1976), „ხმა მაღაღადებლისა“ (1982), „სისხლის წვიმები“ (1993), „ნაცრის კოშკი“ (2001), „9 მარტი“ (2004), „ნათლისქრობა“ (2016) და მრავალი მოთხრობა.
„რატომ წერთ?“ – ჰკითხა ერთხელ ჟურნალისტმა გურამ გეგეშიძეს.
აი, რა უპასუხა მწერალმა:
„მითხარით, რატომ გალობს ჩიტი, რატომ მღერის ბავშვი ან რატომ თამაშობს მსახიობი და გეტყვით, რატომ ვწერ. ცხოვრებაში ხომ ყველაფერი მიბაძვით იწყება, მწერლობაც მიბაძვის ერთ-ერთი ფორმაა. მწერალმა არ იცის, რატომ იღებს ხელში კალამს, მაგრამ ის კი უნდა იცოდეს, თუ რისთვის იღებს და რისი თქმა სურს“.
გურამ გეგეშიძე ცხოვრებიდან იღებდა სიუჟეტებს, ტიპებს, სახეებს, ზოგს უმატებდა ხასიათის რაღაც ნიშნებს, ზოგს აკლებდა და ასე ქმნიდა მხატვრულ სინამდვილეს.
მისი შემოქმედების წყარო ცხოვრება იყო. ჭაბუკობიდანვე ბევრს მოგზაურობდა, შემოვლილი ჰქონდა საქართველოს თუ უცხოეთის მთა-ბარი.
გურამ გეგეშიძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში დაამკვიდრა „ცნობიერების ნაკადის“ სტილი.
მისი რომანებისა და მოთხრობების გმირები არიან პატიოსანი, მაღალი ღირსებისა და ძლიერი ნებისყოფის ადამიანები, რომლებიც თავდადებით იბრძვიან სიცრუისა და ბოროტების წინააღმდეგ.
ამიტომ ყოველთვის აქტუალური იქნება გურამ გეგეშიძის პროზა – მეოცე საუკუნის საქართველოს მხატვრული მატიანე და არაჩვეულებრივი მოვლენა, რომელმაც ძნელბედობის ჟამს ქართული ლიტერატურის პრესტიჟი გადაარჩინა.
„ლიტერატურული საქართველოს“ რედაქცია