„არც კი ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგეს“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა დასჭირდეს.
მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50%-ს გადასცდება.
„არც კი ვუშვებ, რომ კოალიციის შექმნის საჭიროება დადგეს იმიტომ, რომ ამ მოდელში არის შესაძლებლობა, რომ 41%-იანი მხარდაჭერიდან დაწყებული, თუ შესაბამის სამაჟორიტარო ოლქებშიც გაიმარჯვებს პარტია, ამ შემთხვევაში მას კოალიციის შექმნის საჭიროება ნამდვილად არ აქვს. აქედან გამომდინარე, არათუ 40%-ს, არამედ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნებში 50%-საც გადავცდებით. ამიტომ კოალიციაზე საუბარი საერთოდ არ იქნება რელევანტური. დამიჯერეთ, „ქართული ოცნების“ გამარჯვება იმდენად მყარი იქნება, რომ ის დააკომპლექტებს არა მყიფე უმრავლესობას, არამედ - მყარს და მასში იქნება იმდენი დეპუტატი, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.