“იმ შემთხვევაში, თუ შიდა გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდება და ვირუსი მეოთხე რიგის გადაცემის საშუალებით დაიწყებს გავრცელებას, ეს პროცესი საკმაოდ სწრაფი გახდება,“- ასეთ განცხადებას აკეთებს პაატა იმნაძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას. იგი ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი ადამიანი ამ დრომდე არაა მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში და ამბობს, რომ ეს პირი საჩხერის კლინიკაში იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე კორონავირუსის შიდა გადადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ანუ, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული არიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ბოლო დროს იმოგზაურა იმ ქვეყნებში, სადაც ამ ვირუსის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, ან შემხებლობა ჰქონდა ადამიანთან, რომელმაც ბოლო კვირების მანძილზე იმოგზაურა „კოვიდ19“-ის რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებში.