პარაგვაის სასამართლომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავ რონალდინიოსა და მის ძმას ყალბი პასპორტების გამოყენების გამო 6-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის მოთხოვნით, ეჭვმიტანილები ორი მიზეზით უნდა დარჩენილიყვნენ პატიმრობაში. პირველი გახლავთ ის, რომ რონალდინიო ძმასთან ერთად, შესაძლოა, მიმალულიყო და მეორე ის, რომ ბრაზილია საკუთარი მოქალაქეების ექსტრადირებაზე ყოველთვის უარს აცხადებს.
დაცვის მხარე აცხადებდა, რომ რონალდინიოს ძმას, რობერტო დე ასიშს გულის პრობლემები აწუხებს და სამედიცინო დახმარება სამშობლოში უნდა მიეღო. თუმცა, მხარემ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები ვერ წარმოადგინა.