logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: ინვესტორები თავიანთი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული ქვეყანა კაპიტალის დასაბანდებლად
- +

10 მარტი. 2020. 15:35

 

 

„2019 წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ საკმაოდ პოზიტიურად დასრულდა“, - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება.

 

როგორც ექსპერტი წერს, 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევა დიდი შრომის შედეგია.

 

„2019 წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ საკმაოდ პოზიტიურად დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღნიშნული მაჩვენებლის მიღწევა დიდი შრომის შედეგია. იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში შეინიშნება კაპიტალის მოძრაობის შენელება და ინვესტიციების სიმცირე და ამას ერთვის გლობალური პოსტკრიზისული ვითარება, არსებული მაჩვენებელი საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემია 2020 წლისთვის. მიუხედავად, მსოფლიო დაძაბულობისა, ინვესტორები თავიანთი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საქართველო არის სტაბილური და პერსპექტიული ქვეყანა კაპიტალის დასაბანდებლად.

 

მხოლოდ მეოთხე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ 347 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 102,9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ხოლო მთლიანმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს 1,267 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და მცირედით აღემატება 2018 წლის მოცულობას.

 

აღსანიშნავია, რომ მეოთხე კვარტალში რეინვესტირების მოცულობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი და 172 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების წილი 49,6%-ია, ხოლო მთლიანად 2019 წელს რეინვესტირების მოცულობამ 612,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანი პუი-ს 48,3%, რაც 40%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 

2019 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში 20,6%-ით და შეადგინა 261,8 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოსდევს ენერგეტიკა, სადაც 193,9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და მთლიანი ინვესტიციების 15,3% დაფიქსირდა. მოცულობით მესამე ადგილს იკავებს სასტუმროები და რესტორნები 12,4% და მოცულობით 157,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაოდენობრივ მაჩვენებლებში ყველა სექტორში შეინიშნება ინვესტიციების ზრდა.

 

ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ იზრდება საქართველოს ეკონომიკით დაინტერესება სტაბილური და განვითარებული ქვეყნების მხრიდან. გასულ წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს გაერთიანებულმა სამეფომ, ირლანდიამ, თურქეთმა და ნიდერლანდებმა, რაც დამატებით წარმოაჩენს საქართველოს იმიჯს მსოფლიოს საინვესტიციო რუკაზე“, - წერს ოთარ ანგურიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner