„საწვავზე მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა, იმაზე ნაკლებად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჯერჯერობით რთული სათქმელია, კორონავირუსის ეფექტი რა იქნება“, - ამის შესახებ report.ge-ს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ ექსკლუზიურად განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო ნავთობის საერთაშორისო ფასმა 11 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი პროცენტული კლება განიცადა. გიორგაძე report.ge-სთან საუბრისას იხსენებს 2016 წელს, როცა „ბრენტის“ ფასი 27 აშშ დოლარამდე დაეცა და განმარტავს, რომ „შავი ოქროს“ ბოლოდროინდელი გაუფასურება უკავშირდება საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ვერმიღწეულ შეთანხმებას, ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე.
„ნავთობის ფასები 11 წლის მინიმუმზე არ არის. 2016 წელს „ბრენტის“ ფასი 27 აშშ დოლარამდეც შემცირდა. ბოლო 11 წლის განმავლობაში ეს უბრალოდ ყველაზე დიდი კლება იყო პროცენტულ გამოხატულებაში. ეს კონკრეტული ვარდნა უკავშირდება საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ვერ მიღწეულ შეთანხმებას, ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნას საწვავზე, სტაბილურია, თუმცა იმაზე ნაკლებად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია, კორონავირუსის ეფექტი, რა იქნება“, - განუმარტა გიორგაძემ report.ge-ს.
„სოკარი“ 13 წელიწადია, აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. ლევან გიორგაძის ინფორმაციით, „სოკარი“ აქტიურად განიხილავს მზის პანელების საშუალებით, უფრო ეკომეგობრული გახდეს. კომპანიას სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებშიც დიდი გეგმები აქვს.
„მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ვაპირებთ, მეტი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს ახალი მულტიფუნქციური კომპლექსების სახით, ისეთების როგორიც უკვე გვაქვს რუსთავში, ურბნისში და თერჯოლაში. „სოკარი“ ასევე აქტიურად განიხილავს მზის პანელების საშუალებით, უფრო ეკომეგობრული გახდეს. ვაგრძელებთ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში სხვადასხვა პროქტების განხორციელებას. მაშ შორისაა, შშმ პირებისათვის ინფრასტრუქტურის ადაპტირება ჩვენს ობიექტებზე და სხვა“, - გვითხრა კომპანიის დირექტორმა.
შეგახსენებთ, „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადი წარადგინა.
ცნობისთვის, კომპანია „სოკარმა“ საქართველოში გაზიფიცირების კოეფიციენტი გაზარდა. „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორის, მაჰირ მამედოვის თქმით, 2008 წელს „სოკარის“ გაზიფიკაციის რაოდენობა საქართველოში 46% პროცენტს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით კი ეს რიცხვი 78%-მდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ყოველდღიურად 10 000-ზე მეტი აბონენტი „სოკარის“ გაზს იყენებს.