„საქართველო დიზელის „ევრო 5“ სტანდარტზე 2021 წლის იანვრიდან გადავა და ჩვენ ამ ცვლილებისთვის მზად ვართ“, - ამის შესახებ report.ge-ს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ ექსკლუზიურად განუცხადა.
გიორგაძე განმარტავს, რომ აზერბაიჯანული დიზელი, რომელიც ამჟამად „ევრო 4“ სტანდარტს აკმაყოფილებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია „სოკარის“ პორთფელში, თუმცა არა ერთადერთი.
„სოკარს“ უკვე წლებია „ევრო 5“ სტანდარტის ბენზინი და დიზელი შემოაქვს ევროპიდან და ახდენს მათ რეალიზაციას საკუთარი ავტოგასამართი ქსელის საშუალებით. აზერბაიჯანული დიზელი, რომელიც ამჟამად „ევრო 4“ სტანდარტს აკმაყოფილებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ჩვენს პორთფელში, თუმცა არა ერთადერთი. საქართველო, დიზელის „ევრო 5“ სტანდარტზე 2021 წლის იანვრიდან გადავა და ჩვენ ამ ცვლილებისთვის მზად ვართ“, - განუცხადა ლევან გიორგაძემ report.ge-ს.
შეგახსენებთ, საქართველო დიზელის „ევრო 5“ სტანდარტზე 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა გადასულიყო, თუმცა, მთავრობის დადგენილებით, მისი ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ, მათ შორის, „სოკარ ჯორჯიაც“. ნავთობიმპორტიორთა კავშირის განმარტებით, 2020 წლის იანვრიდან „ევრო 5“-ის ამოქმედებით, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა, რაც დიზელის ადგილობრივ ბაზარზე რუსეთს უპირობო ლიდერს გახდიდა და პროდუქტი გაძვირდებოდა.
მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში უკვე მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზება, რის შემდეგაც ახალი სტანდარტის დიზელის საწვავის წარმოება იქნება შესაძლებელი. report.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა ამ ქარხნის სტანდარტიზება?
„რაც შეეხება გადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზებას, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, ზუსტი ვადების დასახელება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია“, - გვითხრა გიორგაძემ.