ავტორი ნონა ქარქაშაძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი გია აბაშიძე თვლის, რომ ხელისუფლება, ოპოზიციის სასარგებლოდ, კომპრომისზე წავიდა, როდესაც მათ შეთანხმების მისაღწევად ოპტიმალური გამოსავალი შესთავაზა.
როგორც გია აბაშიძემ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში განაცხადა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, ჯერ კიდევ ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება და თვლის, რომ დესტრუქციულმა ძალებმა, შესაძლოა ისევ ყველაფერი „აურიოს“:
- ხელისუფლება კომპრომისზე 15 ნოემბრიდან წავიდა, როდესაც ოპოზიციას შესთავაზა გამოსავალი და მოგეხსენებათ, დასავლელი დიპლომატების შუამავლობით, შედგა შეხვედრების სერია. როგორც ვიცით, კომპრომისს აღწევენ სხვადასხვა ხანგრძლივი და კრეატიული მოლაპარაკებებით და შედეგიც დაიდო, მაგრამ მაინც მე მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
კანონპროექტის მიღებას სჭირდება 3-ჯერ 113 ხმა, სამი მოსმენით. მე მაქვს შეკითხვები, მიიღებს კი ეს ცვლილება 113 ხმას სამივე შემთხვევაში? „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული და ობსტრუქციული ბუნებიდან გამომდინარე, მათ აწყობთ, რომ ყოველთვის ყველაფერი წარიმართოს ნეგატიურად. ამიტომ შესაძლოა, კვლავ გააკეთონ იგივე, რასაც ნოემბერში აკეთებდნენ - მაჟორიტარების დაბულინგება, შეურაცხყოფა, დამუნათება და ა.შ. შესაძლოა, მაჟორიტარების თუ არა, სხვა ნაწილმა „აურიოს...“ და ის სანატრელი 113 ხმა სამჯერვე ვერც მივიღოთ. ეს ჩემი მოსაზრებაა. ამიტომ ძალიან ყურადღებით დაველოდოთ ამ 5 კვირას, რაც არის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად და როდესაც სამჯერ 113 ხმას მიიღებს ეს ცვლილება, მაშინ უკვე დავმშვიდდებით პოლიტიკურად.
- ბატონო გია, საარჩევნო სისტემის ასეთი მოცემულობით, რის მიხედვითაც, არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე მოდელით, 1-პროცენტიანი ბარიერით და 40-პროცენტიანი ჩამკეტი მექანიზმით, როგორი შანსი აქვთ პოლიტიკურ პარტიებს?
- დიდი ალბათობით, 40-პროცენტიანი ჩამკეტი მექანიზმი „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება, იმიტომ, რომ მეტ ხმას აიღებს. თუმცაღა, შანსი ექნებათ იმ პარტიებსაც, რომლებიც გადმოვლენ კონსტრუქციულ, რეალურ პოლიტიკურ რელსებზე და იმუშავებენ ამომრჩეველის გულისა და გონების მოსაგებად - პროგრამებით, შეხვედრებით და ა. შ. და არა ტელესტუდიებში ყვირილით, ჩხავილით და ქუჩაში სასტვენებით სირბილით. ეს არის მთავარი. ზუსტად გამოჩნდება, რომელ პარტიას აქვს უნარი, იმუშაოს ელექტორატზე და არა ტელეტუდიაში პოზირებაზე.
- თუმცა, მთავარ ოპოზიციურ ძალად წოდებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების დიდი იმედი აქვს...
- მათ დიდი იმედები აქვთ 2012 წლიდან მოყოლებული. მიშა სააკაშვილსაც მუდმივად აქვს იმედი, რომ ბრუნდება, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ფარსია.
- ოპოზიციის ერთ-ერთი ულტიმატუმი ხელისუფლების მიმართ ისიც არის, რომ გაათავისუფლონ ე.წ. პოლიტპატიმრები. თქვენ როგორ თვლით, გვყავს პატიმრები პოლიტიკური ნიშნით?
- ნამდვილად არა ჰყავს საქართველოს პოლიტპატიმარი! პარლამენტში ძალით შეჭრის მომწოდებელი არ არის პოლიტპატიმარი! ხაზინის ქურდი არ არის პოლიტპატიმარი! იარაღის მატარებელი და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი არ არის პოლიტპატიმარი! ასე რომ, ეს არის „ნაცმოძრაობის“ შეთითხნილი, მოგონილი ფანტაზიები, რომლითაც ტოქსიკურად კვებავენ საზოგადოებას როგორც შინ, ასევე გარეთ.
ახლახან, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შეხვედრა შედგა, პერსონებზე და ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვებაზე საუბარიც არ ყოფილა და ეს გამოჩნდა იმ განცხადებაში, რომელიც გაავრცელეს დასავლელმა დიპლომატებმა. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილებს მოკლე ფეხები აქვს და ამას ძალიან მალე დავინახავთ...