“ახალგაზრდებს ვთხოვ, ნუ აყვებიან პანიკას და ნუ შეშინდებიან. რა მოხდა?! გახდებიან ავად, არ არის კარგი, მაგრამ მორჩებიან ისე, როგორც გრიპისგან იკურნებიან,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.
მან კიდევ ერთხელ მიმართა კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციით მოსახლეობას.
მისივე თქმით, ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით ზედმიწევნით უნდა შეასრულონ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებმა.
„50 წელს ქვემოთ ასაკში მხოლოდ 0.6 %-ია სიკვდილიანობა, არ არის ეს კარგი, მაგრამ იგივე სიკვდილიანობაა გრიპის დროს და ამის გამო წინასწარ არავინ არ ვწვებით.
რეკომენდაციები, ის, რასაც ყველას მიმართ გავცემთ, 50 წლის ზემოთ უნდა შესრულდეს მკაცრად. ასეთმა ხალხმა თავი უნდა მოარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წასვლას, თუნდაც ეს იყოს ქორწილი, ქელეხი თუ სხვა, დარჩნენ სახლში.
გარდა ამისა, ხელები უნდა დაიბანონ ხშირად, რადგან ინფექცია ვრცელდება კონტაქტური გზით, უნდა მოერიდონ ინფიცირებულ ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს. ანუ ის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს, 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანმა უნდა გააკეთოს უფრო ზედმიწევნით.
ჯერ ჩვენთან ხანდაზმულები არ არიან, რადგან ნაკლებად მოგზაურობენ. ასაკობრივი ჯგუფები არ შეცვლილა“, – განაცხადა ცერცვაძემ.