logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებში სრული ქაოსია
- +

12 მარტი. 2020. 00:57

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც  კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და პარალელებს საქართველოსთან  ავლებს.

 

უამრავ, ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყანაში, სრული ქაოსი თუ არა, საკმაოდ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. სტატისტიკასაც გადახედეთ, ასობით დაინფიცირებული და მზარდი დინამიკა.

 

ახლა შეაფასეთ ჩვენი რესურსები და, ამ მწირი რესურსების პირობებში, როგორ მშვიდად ხდება ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ჩინეთიდან, იტალიიდან, საზღვრის კონტროლი, მოსახლეობის ინფორმირება, სიტუაციის პროგნოზირება, საკარანტინო ზონების დროული მომზადება და ა.შ.

 

იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს გამოთავისუფლება, აბსოლუტურად დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო. არადა, რამდენი ხმაური და კრიტიკა მოჰყვა.

 

ასეთ დროს ჩასაფრებულის პოზიციიდან კი არ უნდა გამოდიოდნენ პოლიტიკოსები თუ სხვა პროფესიის ადამიანები, არამედ საზოგადოებას და, თუნდაც სამთავრობო სტრუქტურებს უნდა დაუდგნენ გვერდით. სკანდალებს კი არ უნდა ეძებდნენ, არამედ, თუ რაიმე ნაკლოვანებას, ხარვეზს ხედავენ, დროულად, თუ უნარი აქვთ, წინმსწრებად უნდა უკარნახონ.

 

აბა, გადახედეთ, რა ხდება ევროპაში. ავსტრიამ საზღვრები დაკეტა, რასაც სხვა ქვეყნები აკრიტიკებენ. მერკელმა დღეს ისეთი პროგნოზი გააკეთა, მოსახლეობის 70% დაინფიცირდებაო, ეჭვი მეპარება, ასეთმა განცხადებამ საზოგადოებაში სიმშვიდე მოიტანოს.

 

ბევრ სახელმწიფოს ვერ იპოვით, რომლებიც სათითაო მოქალაქეზე ზრუნავენ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ.

 

სიამაყით ვადევნებდი თვალს კადრებს, რამდენად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული რომიდან მოქალაქეთა ევაკუირება. დაცული იყო უსაფრთხოების ნორმები, ორგანიზებული სასაზღვრო და სანიტარული კონტროლი, აეროპორტში დახვედრა, განმარტებითი სამუშაოს ჩატარება, საჭირო ნივთებით და საკვებით უზრუნველყოფა და ა.შ.

 

სხვათაშორის, ახლხან რუსეთს 8 დაინფიცირებული შეემატა იტალიიდან. რუსეთმა დღეს, ამ ფაქტის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება იტალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან 13 მარტიდან, ავიამიმოსვლების შეწყვეტის შესახებ.

 

ნუთუ რთულია, ასეთი კრიზისის დროს, ხელისუფლების ოპონენტებმა ობიექტურად შეაფასონ სხვადასხვა სტრუქტურების საქნიანობა და უფრო კონსტრუქციულები იყვნენ?!

 

მახსენდება განცხადებები, იძულებითი კარანტინი უფლებების დარღვევააო. რა უნდა ელაპარაკო?! ჩემი სხეულია, რასაც მინდა იმას ვუზამ? სხვას თუ უქმნი საფრთხეს?

 

როცა პირველი დაინფიცირებული ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა, განცხადება მოჰყვა, - მთავრობამ ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა ერთი კვირით დააგვიანაო. რა შუაში იყო?

 

მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები ამბობენ, რომ არ შეიძლება პანიკა, მნიშვნელოვანია ცნობადი სახეების ჩართულობა და პირადი მაგალითი. სად ხართ, ეს ცნობადი სახეები თქვენი აქტივისტებით? სადაა თქვენი კრეატიულობა და საყვარელი პერფომანსები?

 

არაუშავს. გადავიტანთ ამ ყველაფერს. თან ვიმახსოვრებთ და ვაფასებთ, ვინ, როდის და როგორ იქცევა. მალე ხმების მიცემის დრო მოვა. ჰოდა, ჩასაფრებაზე და კინკლაობაზე ლამაზად საქმე და მოქალაქეებისადმი მზრუნველობა, საზოგადოების გვერდით დგომა ჩანს“, - წერს ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner