საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook -ის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომლითაც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პარლამენტში გასატარებელი ღონისძიებები განისაზღვრა.
მისი განცხადებით, ბრძანება პარლამენტის თანამშრომლების, დეპუტატების და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დაცვის ზომებს, სამუშაო პირობებს და ანაზღაურების საკითხს განსაზღვრავს.
„ასევე, ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე, ამ ბრძანებით დარეგულირებულია თვითიზოლაციის და კარანტინში გადასვლის პირობები, მივლინებების შეზღუდვის, სამუშაოს დისტანციურად შესრულების, პარლამენტის შენობაში საჯარო ღონისძიებების გამართვის და გარეშე პირთა დასწრების საკითხები. ჯანმრთელობას გისურვებთ!'' - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.