მარტვილის მუნიციპალიტეტში ბანძა–ვედიდკარი–მუხურჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ცოტნე კაკულიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში დაიგება 5 953 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხელოვნური ნაგებობების, ეზოს შესასვლელებში და მიერთებებზე ლითონის მილების მოწყობას. ამჟამად მიმდინარე სამუშაოები გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს. პირველი ეტაპის სამუშაოები კი გასულ წელს განხორციელდა.
პროექტის ღირებულება 1 433 820 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს „არქეოპოლისი“ ასრულებს.
ბანძა–ვედიდკარი–მუხურჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.