ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ქართული ოფისის ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და მას საზოგადოების მოტყუებასა და არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება ტრამპის მიერ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას და ამ კუთხით პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს. ლორა თორნტონის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:
„ყოველ ჯერზე, როცა ტრამპი პირს აღებს, იგი აფრქვევს დეზინფორმაციას, რომელსაც სავალალო შედეგები მოჰყვება. მან მოიტყუა საკმარისი ოდენობის ტესტების ჩატარების შესახებ. მან მოიტყუა ტესტების ხარისხის შესახებ. ბოლო გამოსვლაში მან გააკეთა სამი მთავარი სტრატეგიის მონახაზი. სამივე სიცრუეა, რომლის გამოსწორება ადმინისტრაციას მოგვიანებით მოუწია. გარდა ამისა, ამ სტრატეგიებმა გამოიწვია მოკავშირეთა რისხვა და პანიკა აეროპორტებში ევროპის მასშტაბით, რითაც უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა დაუცველი ვირუსის წინაშე - სულ რომ არაფერი ვთქვათ ქსენოფობიაზე მის კომენტარებში (ტვიტები მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების აუცილებლობის შესახებ - შაყირობთ, ალბათ! ყველაფერი უცხოელებს დავაბრალოთ?!) და ნარცისიზმით გაჯერებული მანია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზიანს აყენებს ეს ყველაფერი პირადად მას, მის რეიტინგებს და არა საზოგადოების ჯანმრთელობას. ამ კრიზისულ დროს ჩვენ წყალივით გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც სიმართლეს გვეტყვის. რადგან ტრამპს ეს არ შეუძლია, მან უნდა მოკეტოს! წადი, გოლფი ითამაშე ან რამე. ტრამპი ყველას გვაყენებს საფრთხის ქვეშ. ჩვენ გვჭირდება კომპეტენტურობა და სიმართლე მთავრობაში. სამწუხაროდ, ამჟამინდელ ადმინისტრაციაში არც ერთია და არც მეორე“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ლორა თორნტონი.