საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩირაღდნის ესტაფეტა გააუქმა. ამის შესახებ „Reuters“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ესტაფეტის პირველ ეტაპზე მოულოდნელი ხალხმრავლობა დაფიქსირდა. ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა საბერძნეთში ხუთშაბათს დაიწყო და 7 დღე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, პარასკევს, როცა ჩირაღდანი ქალაქ სპარტაში ჩაიტანეს, ესტაფეტაში მონაწილეობა ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ბილი ზეინმა და ჯერარდ ბატლერმა მიიღეს და ცერემონიას უჩვეულოდ ბევრი მაყურებელი ჰყავდა.
ოლიმპიურ კომიტეტში მიიჩნევენ, რომ ასეთი შეკრებები კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რის გამოც ესტაფეტის გაუქმება გადაწყვიტეს.