ევრო 2016-ის E ჯგუფი, მოლოდინისამებრ, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ჯერ იყო და, შვედეთმა ირლანდიასთან მოედანზე ნამდვილი ომი გააჩაღა და „მწვანეებს" ქულა გამოგლიჯა (1:1), შემდეგ კი ბელგიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა.
ბელგიელებზე მიმდინარე ტურნირზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ვინაიდან გუნდის შემადგენლობა ნამდვილად თვალწარმტაცია, თუმცა, იტალია გაცილებით მეტად წააგავეს ერთიან გუნდს, ვიდრე ბელგია.
ანტონიო კონტეს შეგირდებმა გოლის გატანა 32-ე წუთზე შეძლეს. ლეონარდო ბონუჩიმ შეუდარებელი პასით ემანუელე ჯაკერინი ტიბო კურტუასთან პირისპირ გაიყვანა. ჯაკერინიმ ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0. დარჩენილ დროში ბელგიელები გააქტიურდნენ, თუმცა იტალიელთა კონტრშეტევები გაცილებით სახიფათონი გახლდათ, რის გამოც ტიბო კურტუას არაერთხელ მოუწია საკუთარი გუნდის გადარჩენა.
წონასწორობის აღდგენის კარგი შანსი ჰქონდა ბუფონთან პირისპირ დარჩენილ ლუკაკუს, რომლის დარტყმულიც მცირე მანძილით ასცდა კარს. ორიჯისა და მერტენსის შემოსვლამ ბელგიელთა შემტევი პოტენციალი საგრძნობლად გაზარდა და „ლივერპულის" ფორვარდს არაერთი კარგი შანსი მიეცა გოლის გასატანად, თუმცა ბურთი ხან კარს ცდებოდა, ხანაც ბუფონი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
საბოლოო, არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ბელგიელებმა მთელი გუნდით შეუტიეს, საპასუხოდ კი კონტრშეტევა მიიღეს - ჩირო იმობილემ ბურთი ანტონიო კანდრევას გადააწოდა, მან კი გრაციანო პელეს ბურთი ფეხზე დაასვა, ამ უკანასკნელს წონასწორობის გაზრდა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშის - 2:0-ის დაფიქსირება აღარ გასჭირვებია.
საერთო ჯამში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა. ანგარიშის მიუხედავად, ბელგიელებს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ ქულის მოსაპოვებლად, თუმცა უნდა აღინიშნოს დე ბრუინისა და ედენ აზარის საკმაოდ ცუდი თამაში. ასეთ მატჩებში სწორედ ამგვარმა ვარსკვლავებმა უნდა ითაონ ლიდერის როლი, თუმცა ვერცერთს გამოუვიდა.
მარკ ვილმოტსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საშუალო დონის მწვრთნელია და ასეთი ტურნირის მოსაგებად გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია საჭირო. მან ჩვეული 4-2-3-1 ტაქტიკით გაიყვანა გუნდი, თუმცა გაურკვეველი იყო, რატომ ათამაშა ფელაინი გამთამაშებლის პოზიციაზე, რომელმაც ფაქტობრივად ვერანაირი ხეირი მოიტანა. პირველ ტაიმსა და მეორე ნახევრის საწყის წუთებში ბელგიელთაგან კარგი თამაშით ნაინგოლანს თუ გამოვარჩევდით, რომელიც ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა ჩამშლელის პოზიციაზე, თუმცა ვილმოტსმა მაინც მისი გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო და მოედანზე დატოვა ვიტსელი, რომელსაც ღირებული ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია.
რაც შეეხება კონტეს, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი გენიალურობა. იტალიელმა 3-5-2 ტაქტიკა აირჩია, რომელიც თავდაცვისას 5-3-2 სათამაშო სქემად გარდაიქმნება, შეტევაში კი 3-3-4-ად. აღნიშნულ სათამაშო სქემას წარმატებით იყენებს „იუვენტუსი" და ამან ბელგიასთანაც გაამართლა.
იტალიის ნაკრები ტურნირის დაწყებამდე ფავორიტად არ მიიჩნეოდა, თუმცა კონტეს შეგირდებმა ეს მოსაზრება შეცვალეს. რაც შეეხება ბელგიას, გუნდს ორი ურთულესი თამაში მოუწევს ირლანდიასა და შვედეთთან იმისთვის, რომ საკუთარი ძალა სრულად წარმოადგინონ და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ბელგია - იტალია 0:2
გოლები: ჯაკერინი (32'), პელე (90')
ბელგია (4-2-3-1): კურტუა - სიმანი (75' ფერეირა-კარასკო), ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი - ვიტსელი, ნაინგოლანი (62' მერტენსი) - დე ბრუინი, ფელაინი, აზარი - ლუკაკუ (73' ორიჯი);
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა, პაროლო, დე როსი (78' მოტა), ჯაკერინი, დარმიანი (59' დე შილიო) - ედერი (75' იმობილე), პელე.