მსახიობ ნატო ვაჩნაძისთვის საბედისწერო და წინასწარმეტყველური აღმოჩნდა ფილმი „მწვერვალთა დამპყრობნი", სადაც ალპინისტი ქალი ელისაბედ ლომიძე განასახიერა, რომელიც მთებში ამოვარდნილ ქარბუქში გაუჩინარდა და რომ არა გამოცდილი მაშველი (ამ როლს იური სარანცევი ასრულებდა), დაიღუპებოდა. მთებში აღსასრულის განცდა ნატო ვაჩნაძეს ამ ფილმის გადაღების დროს დაეუფლა, ეს იყო მისი ბოლო კინოროლი. ფილმი 1952 წელს გამოვიდა, ერთი წლის შემდეგ ნატო ვაჩნაძე ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
„ნატო ვაჩნაძის გმირები არ იყვნენ ბედნიერი ქალები, თვალზე ცრემლი მათი ყოველდღიურობა იყო. ნატო ვაჩნაძეზე განსაკუთრებით იმოქმედა 1927 წელს ფილმ „ამოკის" გადაღებებმა, რომლის რეჟისორიც ლეგენდარული კოტე მარჯანიშვილი გახლდათ. მსახიობი თავის დღიურში იხსენებს: „ჩემი გმირი აგონიაში იტანჯებოდა, მის სიახლოვეს ჩნდებოდნენ ჩრდილები (ამ ჩრდილებზე რვა მსახიობი იყო დაკავებული), რომლებიც ახრჩობდნენ. რეჟისორს მომაკვდავი ქალის სარეცელთან მიახლოებული სიკვდილის გადაღება სურდა... სიკვდილს არ უყვარს თამაში და ხუმრობა, მოთმინებით ელოდება თავის დროს, არ უყვარს, როდესაც იწვევენ...", - წერს „ასავალ-დასავალი" მსახიობზე.