დღეს თენგიზ ცერცვაძის დაბადების დღეა. მას 72 წელი შეუსრულდა.
თენგიზ ცერცვაძე 1948 წლის 16 მარტს არის დაბადებული. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის სამედიცინო სფეროში მაღალი რანგის პროფესიონალად მიიჩნევა.
„თენგიზ ცერცვაძე საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია. ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში.
თენგიზ ცერცვაძის თაოსნობით საქართველოში დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რაც საფუძვლად დაედო ჩ ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს პირველ სამოდელო ქვეყნად არჩევას.
თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის წარმატებულ განხორციელებაში. პროგრამა ითვალისწინებს 120 ათასზე მეტი ჩ ჰეპატიტით ავადმყოფის გამოვლენას და განკურნებას. სადღეისოდ უკვე განკურნებულია 40 ათასზე მეტი ავადმყოფი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, როდესაც მოხდება ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით.
თენგიზ ცერცვაძე წარმატებულ საექიმო პრაქტიკასთან ერთად ეწევა საინტერესო სამეცნიერო საქმიანობას. აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში მისი ინოვაციური სამეცნიერო კვლევების შედეგები სისტემატურად იბეჭდება მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ავტორია საქართველოში. მას ხშირად იწვევენ მომხსენებლად მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებზე. თენგიზ ცერცვაძის გუნდის და აშშ-ს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 1997-2000 წლებში ერთობლივად ჩატარებული კვლევა აღიარებულ იქნა აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ერთობლივ პროექტად და თენგიზ ცერცვაძე მოხსენებით წარსდგა ჯერ აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტებში (ქ. ბეთესდა), ხოლო შემდეგ – 2000 წლის 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში, რაც დღემდე უპრეცედენტო შემთხვევაა.
არის რიგი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების წევრი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი. გახლავთ 20-ზე მეტი ნაციონალური გაიდლაინის ავტორი და რამდენიმე საერთაშორისო გაიდლაინის თანაავტორი, არაერთი მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმის და კონფერენციის ორგანიზატორია.
უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. არის 12 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. მისი უშუალო ძალისხმევით უცხოეთის წამყვან ცენტრებში გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა 30-მდე ახალგაზრდა სპეციალისტმა“, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე სამედიცინო სფეროშია მისი მეუღლე – ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ანა თოფურია.