ავტორი ანა ნონიკაშვილი
ჟურნალისტმა გოჩა ხუნდაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ზაზა დარასელის მემორიალურ ტურნირთან დაკავშირებით ისაუბრა.
2016 წლის 15 ივნისს, 18:00 საათზე სპორტკომპლექს „არენაში" დაიწყება ზაზა დარასელის მე-16 მემორიალური ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ჟურნალისტები. 2001 წლიდან, ზაზა დარასელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სისტემატურად ტარდება. წელს ზაზას თასისთვის იბრძოლებენ პირველი და მეორე არხის, „იმედის" , „GDS"-ის, „იბერიის" წარმომადგენლები და ყველა ტურნირის მონაწილე გუნდი „აფხაზეთი".
გამარჯვებული, მთავარ თასთან ერთად, 1000 ლარს მიიღებს. ასევე, წელს დაწესდა ახალი ჯილდო. ყველაზე კორექტულ გუნდს 2016 წელს დაღუპული ტელეჟურნალისტის ზვიად თხელიძის სახელობის პრიზი გადაეცემა.
ტურნირის მხარდამჭერები არიან მიცურუ კონიში - „ტოიოტა-კავკასიის" პრეზიდენტი და გიორგი ბარათაშვილი - „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი.
„თასები გადაეცემათ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს, მეკარეს, მცველს და თავდამსხმელს. გამორჩეული იქნება სამართლიანი თამაშისთვის დაწესებული ჯილდო. ყველაზე კორექტულ გუნდს ახლახან ტრაგიკულად დაღუპული ტელეჟურნალისტის ზვიად თხელიძის სახელობის პრიზი გადაეცემა",- განაცხადა ხუნდაძემ.
ფინალური მატჩი გაიმართება 20 ივნისს - ზაზა დარასელის დაბადების დღეს, რომელსაც 66 წელი შეუსრულდებოდა.