ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელიც დღეს საბანკო სექტორის წარმომადგელებს შეხვდა, განაცხადა, რომ დღეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა კომერციულ ბანკებთან.
„მე მჭირდებოდა გარკვეული დრო, რათა გავცნობოდი სიტუაციას, მაგრამ, ამავე დროს, მინდა, რომ დავამყარო მჭიდრო კავშირი, ურთიერთობა კომერციულ ბანკებთან. მთლიანად გუნდს გვინდა, უფრო კარგად გავიგოთ, რა აწუხებთ, რა შემოთავაზებები აქვთ. სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა.
შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი ლარიზაციას უკავშირდებოდა.
საქართველოში დღესდღეობით საკმაოდ მაღალია დოლარიზაცია და ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს შევამციროთ, რათა მომავალში იმ შემთხვევაში თუ უარყოფითი შოკები იქნა, ისეთი მტკივნეული არ იყოს ამის გადატანა მოსახლოებისთვის, როგორიც გასულ წელს იყო. გვინდა, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს გრძელვადიანი ლარის სესხები ქვეყანაში", - განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ასევე განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები.
„ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია კომერციული ბანკებისთვისაც, რადგან რაც უფრო მეტი კმაყოფილი მსესხებელი ეყოლება ბანკებს, მით უფრო უკეთესი იქნება ეს კომერციული ბანკებისთვის. გვინდა, რომ უფრო გახსნილები იყვნენ, უფრო მეტი ინფორმაცია მიწოდონ თავიანთ მომხმარებლებსა და სესხის ამღებლებს. გვინდა, გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ წესში, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.