logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: საბანკო რეგულაციების შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
- +

17 მარტი. 2020. 12:58

 

 

„ეროვნული  ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების  გარკვეულწილად შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც განსაკუთრებით  აქტუალურია ეკონომიკაზე კორონავირუსის ეფექტის პირობებში.  მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პრინციპი უცვლელია: სესხი ტვირთად არ უნდა დააწვეს მსესხებელს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გამარტივებას.

 

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ელასტიურობა ჭარბვალიანობის ფაქტორის კვლავ გაძლიერებას არ გამოიწვევს. 

 

„წარმოდგენილი ცვლილებით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპი არ იცვლება, თუმცა, ხორციელდება გარკვეული შერბილება, წესები ხდება უფრო მოქნილი და ელასტიური, ხოლო საკრედიტო დაწესებულებებს ეძლევათ მეტი თავისუფლება, დამოუკიდებლად შეაფასონ რისკები და თავად მიიღონ გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა საბანკო რეგულაციების ამოქმედების მთავარი მიზანი.

 

„ფიზიკური პირის დაკრედიტების, ანუ ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიზანი არის საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და რისკების შემცირება მათ შორის, გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკების შემცირება.  პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპია - სესხის მომსახურებამ მსესხებელს არ შეუქმნას ფინანსური სირთულეები, მსესხებელმა საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოს სესხის მომსახურება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს, საბანკო რეგულაციების გამარტივება დააანონსა. ცვლილებები ძალაში 15 აპრილიდან შევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner