logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ეს ხმაური არაა შემთხვევითი, თორემ თვითონ ვირუსი შეიძლება შემთხვევითია
- +

17 მარტი. 2020. 19:37

 

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიას გაევრცელებინა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ჩჟაო ლიცზიანი, „ტვიტერში“ შემდეგ ტექსტს აქვეყნებს:

 

 

„როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ში? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაძლებელია აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უხანში“. ჩინურ ვერსიას არ იზიარებს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, თუმცა არ გამორიცხავს, ვირუსის ხელოვნურ წარმოშობას.

 

 

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

 

 

- ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადანაშაულა აშშ კორონავირუსის, როგორც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაში ჩინეთის წინააღმდეგ. ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კორონავირუსი ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს. ბატონო რამაზ, შესაძლებელია, რომ ვირუსის ამ სახით გავრცელების უკან, დიდი პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობდეს?

 

 

- შეიძლება ასეც იყოს და ამ მოვლენის ხარჯზე ბევრმა სცადოს თავისი მიზნების მიღწევა. გამორიცხული არ არის, რომ ამ შემთხვევაში დაპირისპირება, რომელიც უდავოდ არსებობს აშშ-სა და ჩინეთს შორის, ჩინეთმა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და ბრალდება წაუყენოს აშშ-ს. მეორე მხრივ, თავად აშშ არ არის მოგებული ამ ვირუსით. ამიტომ, მე მაინც მეჩვენება, რომ ჩინეთის საგარეო უწყების განცხადება უფრო პოლიტიკური ინტერესებით არის გამოწვეული, ვიდრე ეჭვით, რომ ჩინელებს კორონავირუსი მართლაც ამერიკელებმა მიზანმიმართულად შეუგდეს.

 

 

- რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჩინეთი ამ გზით პანდემიაზე პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს?

 

 

- რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ ჩინეთს თავისი ინტერესები ჰქონდეს ამ ისტორიაში დამნაშვის ძიების დროს, მაგრამ რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მე გამიჭირდებოდა პასუხისმგებლობის კუთხით ჩინეთის დადანაშაულება. ნახეთ, რომ იტალიაში სწორედ იმიტომ დაიძრა ჩინელი ექიმების ჯგუფი, რომ ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას შექმნილი ვითარების გამო და უკვე ცდილობენ, რომ სხვას დაეხმარონ ამ ინფექსიასთან ბრძოლაში. საერთოდ, გრიპების არსებული ეპიდემიები, რაც უკვე იყო, იმათთან შედარებითაც კი, კორონავირუსი არ გამოიყურება როგორც ძლიერი ვირუსი.

 

 

- შარშან ე.წ. ღორის გრიპით მარტო საქართველოში 52 ადამიანი გარდაიცვალა. თქვენ ამბობთ, რომ უკვე არსებულ შტამებთან შედარებით, კორონავირუსი არ გამოიყურება როგორც ძლიერი ვირუსი. მაგრამ რით ხსნით იმას, რომ გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე პიკს მიაღწია?

 

 

- ამ რამდენიმე დღის წინ მომიწია სტუდიაში ყოფნა, სადაც სწორედ ამ თემაზე იყო საუბარი და ძალიან საინტერესო ანალიზი წარმოადგინა ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ირაკლი გოგავამ, რომელსაც მსოფლიოს პროცესების ფონზე უყვარს ხოლმე თემის განხილვა. სწორედ რომ, კონკრეტული საკითხებისა და აზროვნების ამ სტილით წარმოადგინა ასეთი ვერსია - მსოფლიოში არიან ძალები და კერძოდ, ეს არის ლიბერალური ფრთა, რომელიც თავის დროზე მსჯელობდა იმაზე, რომ საჭიროა შეიქმნას მსოფლიო მთავრობა. ლიბერალები ხომ გლობალიზაციის მომხრეები არიან და გლობალიზაციის კარგი მექანიზმია მსოფლიო მთავრობის შექმნა. აი, ამ მსოფლიო მთავრობის იდეას, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კუთხიდან უვლიდნენ და ერთ-ერთი თემა ყოფილა ეკოლოგიური კატასტროფები, ანუ, ისეთი გლობალური მოვლენები, რომელსაც ცალკეული ქვეყნები ვეღარ წყვეტენ და საჭიროა გაერთიანება. ირაკლის მიაჩნია, რომ ამ ფონზე, არ არის გამორიცხული, ამავე ჯგუფების ინტერესში იყოს, ამ ვირუსს მიეცეს ისეთი მასშტაბური სახე, როგორიც ეძლევა. მით უმეტეს, რომ ლიბერალების ხელში არის მასმედიის დიდი ნაწილი და სწორედ მასმედიამ გახადა ეს თემა, როგორც კატასტროფილი თემაო. მეჩვენება, რომ საკმაოდ ლოგიკური სურათი წარმოადგინა გოგავამ იმაზე, რომ შედარებით ნაკლები სიძლიერის გრიპი, რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასმედიის თვალში. სრულად ვიზიარებ ამ ვერსიას.

 

 

- არის ასეთი შეფასებაც, რომ ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, მესამე მსოფლიო ომზე უარესია. შესაბამისად, ამას საქმეს სჭირდება გამოძიების დაწყება, რომ გაირკვეს რომელი მოთამაშის ინტერესში შედიოდა ეს პროცესი. ითქვა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, როგორც გლობალური მოთამაშის, თუმცა ასევე არ გამორიცხავენ, რომ ტრამპის წინააღმდეგ იყოს მიმართული. რამდენად შესაძლებელია, რომ ამ კონკრეტული ფაქტის უკან იდგეს დიდი მოთამაშეების პოლიტიკური ინტერესები?

 

 

- გეთანხმებით, რომ ეს ვერსიები ტივტივდება და ტივტივდება ძირითად იმ პრინციპით, რითაც ხშირად დამნაშავეს ეძებს ხოლმე საგამოძიებო ორგანო - ვის ინტერესში იყო. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ძნელია ასე საკითხის დაყენება, იმიტომ, რომ ამ ვირუსის მოძრაობაში დიდად მოგებული არავინ არის. ყველაზე ნაკლებად კი - ჩინეთი, რომელიც ნომერ პირველი მსხვერპლია, მაგრამ ამერიკაშიც საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა. ამ ეტაპზე, ყველაზე კარგი მდგომარეობა თითქოს რუსეთში და თურქეთშია, მაგრამ ჯერჯერობით, არ ვიცით, სადამდე მივა მდომარეობა. ამიტომ, ვერსია, რომ ვიღაცას სჭირდებოდა ამ ვირუსის შემოტანა, ძნელი გამოსაკვეთია - ვის სჭირდებოდა, ეს არ ჩანს. ანუ, მოგებული არავინ ჩანს.

 

 

თუკი გამოვალთ იქიდან, ვინ რა ხეირს ნახავს, ეს უკვე სხვა თემაა. შეიძლება რაღაცა მოვლენა მოხდეს, თოვლი მოვიდეს და თხილამურების მწარმობლებმა ნახონ ხეირი, ან წვიმა მოვიდეს და ქოლგების მწარმოებლებმა იხეირონ. ხეირის ნახვა ერთია, მაგრამ ვერც თოვლის და ვერც წვიმის მოყვანაში ამ ფირმებს ვერ დაადანაშულებ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ თვითონ ვირუსი ხელოვნური წარმოშობის ყოფილიყო.

 

 

- ამ ვირუსით ყველაზე მეტად ჩინეთი დაზარალდა, მეორე ადგილზე არის იტალია, ჩინეთში პიკმა გადაიარა და უკვე სხვა ქვეყნებს ეხმარება ჩინეთი ვირუსი დამარცხებაში. საინტერესოა ისიც, რომ ინფექციონისტების განცხადებით, კორონავირუსი იყო 2003-2012 წლებში და გაცილებით აგრესიული იყო, ვიდრე ამ შემთხვევაში. სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება მოსაზრება, რომ ჩინეთის გაძლეირების ფონზე, ამ ფორმით ხომ არ მოხდა ჩინეთის დასჯა. აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება?

                                                      

 

- რუსეთს ჰქონდა ეს ვერსია, რომ შეიძლება ამერიკამ ამ ვირუსით სცადა ჩინეთის მოთოკვა. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ხანებში, მათ შორის დაპირისპირება საგრძნობია, მაგრამ მას მერე, რაც ამერიკაშიც გავრცელდა ვირუსი, გაჩერდა ამაზე საუბარი. ამიტომ, ამერიკული ვერსია მეორე პლანზეა გადასული.

 

 

- რაც შეეხება საფრთხეებს, ვხედავთ, რომ ამ ვირუსმა უკვე შექმნა პრობლემები ეკონომიკის მიმართულებით, ვხედავთ როგორ უფასურდება ეროვნული ვალუტა, რამდენად მძიმე ეკონიმიკური საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ რამდენად მზარდია ეს საფრთხეები?

 

 

- ბევრი პროცესები შეიძლება დაძრას. შეიძლება ზოგიერთი მხარე ამ პროცესებს ნავთს ასხამდეს. აქედან გამომდინარე, რომ მედია გახდა ძალიან აქტიური მთელს მსოფლიოში და თავისთავად, მედია გარკვეული ბიზნესწრეების და პოლიტიკური წრეებისგან იკვებება. ასე რომ, ეს ხმაური არ არის შემთხვევითი, თორემ თვითონ ვირუსი შეიძლება შემთხვევითია. ბევრს აფიქრებინებს, რომ ამ ხმაურის უკან ალბათ, რაღაცა ინტერესები დგას. საბედნიეროდ, ჩვენ აღმოვჩნდით უფრო კარგ მდგომარეობაში, რადგან ავად თუ კარგად, ხელისუფლებამ, ჯანმრთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას მოუარა ისე, რომ ჯერჯერობით სერიოზული გართულება არ გვაქვს.

 

 

რაც შეეხება საქართველოს და ეკონომიკურ ზარალს, ურთულესი პროცესი შეიძლება მივიღოთ. მარტო ერთი ასპექტი - ტურიზმის ხაზი რომ ავიღოთ, ეს ვითარება, რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი იქნება. ამან შეიძლება გარკვეული დასკვნებიც გაგვაკეთებინოს. ყველა უარყოფით მოვლენას, თავისი დადებითი მხარე აქვს. მარტო ერთ მიმართულებაზე დიდი აქცენტის გაკეთება სახიფათოა და ქვეყანამ უნდა იზრუნოს, რომ სხვადასხვა მიმართულებით ჰქონდეს განვითარება, რომ რომელიმე მიმართულების შეფერხებამ არ გამოიწვიოს შეფერხება. ჩვენთან ბევრი ამბობს, რომ დიდი ყურადღება გაკეთდა ტურიზმზე და შესაბამისად, ტურიზმის დაბრკოლება დიდ ზარალას მოუტანს ქვეყანას. აი, ამ მხრივ, ქვეყანას მძიმე შედეგები აქვს.

 

 

- რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი. რამდენად პრობლემური შეიძლება აღმოჩნდეს თვითიზოლაციაზე უარისმთქმელი და დაუმორჩილებელი ადამიანები?

 

 

- ეტყობა, ხასიათის პრობლემა არის. იტალიაში ვირუსის გავრცელებას იტალიელების მენტალიტეტმა შეუწყო ხელი. მათაც დრამატული რეაქცია არ ჰქონდათ. მიაჩნდათ, რომ ეს სერიოზული მოვლენა არ არის და ამან ყველაფერმა მიიყვანა სიტუაცია იმ ვითარებამდე, რასაც ვაკვირდებით. იტალია იმიტომ მომყავს მაგალითად, რომ იტალია არის ევროპა, მაგრამ ისიც იგივე პრობლემის წინაშე დადგა, როგორც ჩვენ.

 

თუ ადამიანს გულგრილი დამოკიდებულება აქვს რაღაცა მოვლენების მიმართ, მან შეიძლება ადეკვატურად ვერ შეაფასოს საფრთხე. ამიტომ, ალბათ, გასაკვირი არ არის ასეთი მოვლენები. მგონია, რომ საქართველო ამ ამოცანას თავს ართმევს. თორემ, პრინციპში ყველა ქვეყანაში შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ადეკვატურად არ შეაფასებენ შექმნილ სიტუაციას.

 

 

- შექმნილი ვითარების ფონზე, საკმაოდ საიტერესო იყო საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მმართველის, მიხეილ გორბაჩოვის მოწოდება. იგი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, რომ შეჩერდნენ, ვიდრე მოვლენები კატასტროფულ შედეგებამდე არ მივა. მისი თქმით, ჰაერში ომის სუნი დგას. გორბაჩოვის ვერსიას რომ გავყვეთ, შეიძლება ითქვას, რომ ჰაერში ომის სუნი დგას, მით უმეტეს ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის კორანავირუსს, როგორც მთავარ პრობლემას?

 

 

- პრინციპში, ეგ სუნი დგას. ოღონდ მიჭირს იმის გახსენება, როდის არ იდგა. როდესაც ვსაუბრობთ ძალთა დაბალანსებაზე, ეს დაპირისპირება და ძალთა დაბალანსება ყოველთვის თავის თავში ატარებს აგრესიის ელემენტს. ომს დაარქმევ, თუ დაპირისპირებას, ამითი კონფრონტაციის აზრი არ იცვლება. ყოვეთვის ასე იყო. გორბაჩოვის პერიოდში შემცირდა იმის ხარჯზე, რომ როგორც საბჭოთა კავშირის ლიდერემა, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა დასავლეთის მიმართულებით. თუ შეიძლება ითქვას, საკუთარი პოზიციების დათმობის ხარჯზე, მან შეამცირა კონფრონტაცია. სხვა ყველა პერიოდში ეს დაძაბულობა იყო. გორბაჩოვი ახალი დაძაბულობის კერებსაც ახსენებს, ეს არის ჩინეთი და ამერიკა, ასევე ისლამური ფუნდამენტალიზმის, თუ აგრესიული ისლამისა და დანარჩენი მსოფლიოს დაძაბულობა. დამოკიდებულება, რომ არიქა დაძაბულობა არ უნდა იყოს, ნაწილობრივ რომანტიულიც არის და არარეალისტურიც. მთავარია, დაძაბულობა დამანგრეველი არ გახადო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner