საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, რომელმაც უთხრა, რომ „სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილი უკანონო პოლიტპატიმრად აღიარა".
„აღიარა უკანონო პოლიტპატიმრად, ასე წერია? თუ თქვენი ინტერპრეტაციაა?" - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს.
„ერთი რამ ნუ დაგვავიწყდება, სტრასბურგის სასამართლოს უდიდესი პატივისცემით, მეც და ხელისუფლებაც ყურადღებით მოეკიდება ყველა მინიშნებას, მაგრამ საქართველოში ხომ კარგად ვიცით, რაც ხდებოდა? ყველაზე კარგად ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, ვინ იყო მერაბიშვილი და რა იყო. იქიდან როგორც არ უნდა მიგვითითონ, რომ ის პოლიტპატიმარია, ძალიან უცნაური იქნება და ცუდ დღეში ჩაიგდებენ თავს, თუ იქ „ნაციონალებმა" მოახერხეს კიდევ რაღაც სიცრუის ტირაჟირება და შეცდომაში შეიყვანეს, ამას შესატყვისი პასუხი გაეცემა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვეს. ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გასცნობია.
„გავეცნობი და უფრო მოგვიანებით გავაკეთებ აქცენტს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით დადგენილება გამოაქვეყნა.