თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ევროპული სასამართლოს დადგენილებით, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო.
„პირWელთან" საუბრისას, ირაკლი სესიაშვილმა აბსურდი უწოდა ვანო მერაბიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, სტრასბურგის სასამართლომ შს ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა.
სესიაშვილის განმარტებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სტრასბურგის სასამართლოს, ის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას არ ეხება, რადგან სარჩელი წინასწარ პატიმრობას ეხებოდა.
„სასამართლომ თქვა, რომ არ დარღვეულა 5.1 და 5.3 მუხლი, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. დაირღვა მხოლოდ კონვენციის მე-18 მუხლი მე-5 მუხლის პირველ ნაწილთან კავშირში.
მერაბიშვილს არგუმენტი ჰქონდა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს, თითქოს, თავზე რაღაც ჩამოაცვეს და მაშინდელ მთავარ პროკურორთან გაიყვანეს.
სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით თქვა, რომ გამოძიება ამ ინციდენტთან დაკავშირებით არ ჩატარებულა და ბუნდოვანება ჩანს, ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ მერაბიშვილის არგუმენტები უფრო დამაჯერებელია და არის ალბათობა იმისა, რომ ეს მომხდარიყო.
სასამართლომ ფაქტობრივად ალბათობა გამოხატა. სასამართლომ მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 000 ევრო მიაკუთვნა.
ამ ნაწილში საერთოდ არ არის ნახსენები პოლიტიკური პატიმრობა, მეტიც, მერაბიშვილი ცდილობდა, ტიმოშენკოსთან პარალელები გაევლო. ამ ნაწილში კი, სასამართლომ მისი არგუმენტები საერთოდ არ გაითვალისწინა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ნეგატიურ კონტექსტში არ მოიხსენიებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა
ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე. სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი (წინასწარი პატიმრობის კანონიერება).
ასვევე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.
დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.
დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი - წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვა, ვიდრე ამას ითვალისწინებს კანონი, 5.1 მუხლთან კავშირში. ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარის არგუმენტის თანახმად, 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარი ინციდენტისას იგი წაიყვანეს იძულებით მთავარ პროკურორთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, რომელთაც მას მოთხოვეს აღიარებითი ჩვენება.
ასევე, სასამართლოს დასკვნაში, პატიმრის განცხადება, რომ იგი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების მიზნით დააკავეს, მოხსენიებულია, როგორც ვანო მერაბიშვილის არგუმენტი. დარღვევებისთვის სასამართლომ ვანო მერაბიშვილს მიანიჭა 4 000 ევრო კომპენსაცია, თუმცა თავად 15 000 ევროს ითხოვდა.