logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: „გოდორი“ არ დაგავიწყდეთ, შვილებო!
- +

18 მარტი. 2020. 12:17

 

 

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გიორგი ცაგარეიშვილის წერილს რომ ვაზიარებ, დახუნძლულს სწორი ფაქტებით, ინფორმაციულის გარდა, მაქვს ერთი „ეშმაკური“ მიზანიც, რომელსაც თავადაც მიხვდებით.

 

წერილში სწორი მინიშნებაა უფროსი თაობის პროფესიონალთა ღვაწლზე. ბრმა და ყრუ უნდა იყო რომ ეს არ დაინახო და არ ისმინო.

 

ეს ის თაობაა, რომელიც წინა ხელისუფლებამ საქვეყნოდ გაიმეტა „ჩასარეცხად“.

 

პირველად, ეს სამარცხვინო ტერმინი ამ 15-ოდე წლის წინათ გაჟღერდა შეუძლოდ მყოფი ცხონებული სულხან მოლაშვილისთვის, გამოძიების პერიოდში, პაწია შეღავათის გაწევის თხოვნის კოლექტიურ წერილთან დაკავშირებით. ამ წერილს ხელს აწერდნენ თანამედროვე ქართული მწერლობის კორიფეები - ანა კალანდაძე, დიდი ჭაბუა ამირეჯიბი, ქართული მეცნიერების და კულტურის, განათლებისა და სპორტის თვალსაჩინო მოღვაწენი...

 

სწორედ ეს საამაყო ადამიანები დატუქსა თავხედურად და გაიმეტა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან „ჩასარეცხად“ მაშინდელმა „ბელადმა“ - პროფესორების ოჯახში დაფრთიანებულმა მოინტელიგენტო ბრიყვმა რევოლუციონერმა.

 

და ეს კრეტინული და უზრდელური პოზიცია მარტო მას როდი ჰქონდა. „კოლექტიური ლომაია“ მაშინ ურცხვად და უკონტროლოდ „დანავარდობდა“ საზოგადოებრივ ასპარეზზე.

 

ასეთი მიდგომის „ჩინებულ“ მაგალითად გამოდგება მრავლისმეტყველი ფაქტი, როცა „ბელადის“ ერთ-ერთმა თანამებრძოლმა, რომელსაც ქვეყნის სულიერი ცხოვრების საჭე ებარა, კოლეგებთან ერთად ვერ მოიცალა იმისთვის, რომ პატივი ეცა და ოჯახისთვის სამძიმარი ეთქვა ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის გარდაცვალების გამო.

 

და როცა მას ამ უყურადღებობაზე მიანიშნეს, ამპარტავნულად განაცხადა: მე ამ თანამდებობაზე იმიტომ არ დავუნიშნივართ, რომ ვიღაცეების(!!!!!) პანაშვიდებზე ვიაროო.

 

ანა კალანდაძე, ანუ, „ვიღაცა“ ... დიახ, არც მეტი, არც ნაკლები!

 

...და ეს გულსატკენი და სამარცხვინო „მოვლენა“ უმალ გამახსენა იმ ინტერვიუმ, რომელიც პრემიერმა გიორგი გახარიამ 17 მარტის საღამოს მისცა ტელევიზიას.

 

ამ მართლაც ჩინებული, ღრმა, კომპეტენტური, გაბედული გამოსვლის ანალიზის სურვილი და უფლება სხვებისთვის დამითმია. ჩემთვის კი უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მგრძნობიარე იყო პრემიერის მოწოდება:

 

ყველანი უნდა გავუფრთხილდეთო ჩვენი მ შ ო ბ ლ ე ბ ი ს თაობას - ჩვენს დედებს და მამებს, ჩვენ ბებიებს და ბაბუებსო!

 

კი არ ჩავრეცხოთო!..

კი არ დავხოცითო!..

კი არ ვლანძღოთ და ვაგინოთო!..

კი არ ვუღრინოთ და დავკბინოთო, როგორც ამას იმ „ცხრაწლიან“ პერიოდში დაუფარავად მოგვიწოდებდნენ. თანაც, მარტო ხანდაზმულ, დამსახურებულ მოღვაწეებს კი არ „ერეკებოდნენ“ ზეცისკენ, არამედ 40 წელს ცოტათი გადაცილებულებიც კი ჰყავდათ გამეტებული „ჩასარეცხად“, „სულის ამოსახდელად“, ჩასაქოლად...

 

ბევრს მოუსწრაფეს კიდეც სიცოცხლე. კიდევ კარგი, ყველას ვერ მოერივნენ. გაუძლეს და „გადარჩნენ“, თუნდაც, ისინი, რომელთა გვარები ახლა ყველას პირზე აკერია მადლიერებით: გამყრელიძეები, ცერცვაძეები, იმნაძეები, ეზუგბაიები... დავამატებდი: ჩაფიძეები, ჯორბენაძეები, ბოჭორიშვილები... მათი მსგავსი სუპერ-პროფესიონალები და უღირსეულესი პიროვნებები სხვა სფეროებში... ისინი მაშინაც, დევნისა და ლანძღვა-გინების „ეპოქაში“ ჯიუტად აგრძელებდნენ სვლას წინაპართა გაკვალულ გზაზე, თესდნენ სიკეთეს, ზრდიდნენ მომავალს...

 

ჰოდა, ის „ჩასარეცხად“ განწირული, გაგდებული, დაუმსახურებლად გალანძღული 40-წლიანებმა, თქვენმა დედებმ და მამებმა, უკვე 60 წელსაც მიაღწიეს „ჩაურეცხელთა“ ზრუნვით; ის „ჩაურეცხელნი“ კი, თავადაც 80-90 წლისანი რომ გახდნენ ღვთის წყალობით - არიან თქვენი საამაყო ბებია-ბაბუები, ის დამსახურებული ადამიანები, თქვენ რომ ზურგზე ჰყავდით მოკიდებულნი, დღე და ღამეს თქვენზე ზრუნვაში ატარებდნენ. სწორედ მათზე თქვა პრემიერმა: გ ა ვ უ ფ რ თ ხ ი ლ დ ე თ ო!!!

 

გეყურებათ, ქალიშვილებო და ჭაბუკებო:

გავუფრთხილდეთო!!!!

 

წერტილი!

ამას ზედმეტი კომენტარი აღარ სჭირდება. არც ახსნა და განმარტება. ამას სჭირდება მხოლოდ ომახიანი საერთო შეძახილი:

 

ბრავო!

გმადლობთ!

 

ვაღიაროთ: არცერთ პრეზიდენტს, არცერთ პრემიერს, არცერთ გამორჩეულ ლიდერს, ბოლო 30 წლის მანძილზე, ასეთი რაინდული, სიყვარულით და პატივისცემით აღსავსე მოწოდება არ გაუჟღერებია.

 

კარგია, საამაყოა, სასიხარულოა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომლის სახელით და მანდატით მოქმედებს პრემიერი, ამ პოსტზე შეარჩია ტრადიციულ(!) ოჯახში(!) ღირსეულად(!) გაზრდილი(!) ახალთაობის კაცი.

 

კაცი!!! პიროვნება, რომელსაც წაკითხული და გააზრებული აქვს ძველი ქართული ბრძნული არაკი უმადური შვილისა და მზრუნველი მამის შესახებ, რომელსაც ჰქვია... „გოდორი“.

 

ახალგაზრდებს აღარ შევახსენებ შინაარსს. მხოლოდ მოვუწოდებ: არ დაგავიწყდეთ ამ არაკიდან გამომდინარე გაუხუნარი, ჭკუის სასწავლებელი რჩევა: „გოდორი“ არ გადააგდოთ სადმე, უპატრონოდ, უმისამართოდ, ბიჭებო, ის „გოდორი“, რომელიც თქვენ შვილებს შეიძლება დასჭირდეთ თქვენი, ანუ, თავიანთი მოხუცებული წინაპრების „ჩასარეცხად“ წაყვანისთვის.

 

თუმც, იმედი მაქვს, რომ საქართველოში უკვე იზრდებიან მოღვაწენი, რომლებსაც ამ მწარე სიბრძნის შეხსენება აღარ დაჭირდებათ.

 

გიხაროდენ!

 

 

 

 

იხილეთ: გიორგი ცაგარეიშვილი: ლუგარის მშენებლობა საერთაშორისო ვალდებულება იყო და არა – სააკაშვილის დამსახურება

http://kvira.ge/548831?fbclid=IwAR1RT1YyOfeQ3Y7XXT178udhjgEazG4AUZGvu-QGj22pzVvI1FJxT-jA9NM

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner