„ძალიან მიხარია, რომ აქ შემიძლია, მოვუყვე, როგორ მობილიზებულად ცდილობს, ამ გამოწვევას გაუმკლავდეს საქართველო და მისი ხელისუფლება“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ შემიძლია შევადარო, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები როგორ უძღვებიან კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს. ვურთიერთობ ბრიტანელებთან, რომლებიც ჩემსავით ყოველდღიურად ელოდებიან, რას გვეტყვის და მოიმოქმედებს ბრიტანეთის მთავრობა ამ რთულ დროს. ძალიან მიხარია, რომ ვისთანაც აქ ვურთიერთობ, შემიძლია მოვუყვე, როგორ მობილიზებულად ცდილობს, ამ გამოწვევას გაუმკლავდეს საქართველო და მისი ხელისუფლება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვიტრაბახოთ, რომ ჩვენ რა მაგრები ვართ და ვიღაცა ჩვენზე უარესად უძღვება კრიზისს. ეს არ არის სპორტი და შეჯიბრი, მაგრამ ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, რომ ქართული ხელისუფლება ამ მძიმე სიტუაციაში ღირსეულად გამოიყურება და იმედი მაქვს, რომ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ“, - წერს ირაკლი მანაგაძე.