ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რას გულისხმობს ახალ კორონავირუსზე ე.წ. აგრესიული ტესტირება.
მინისტრის თქმით, აგრესიული ტესტირება არ გულისხმობს, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კორონავირუსი მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, ეს გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას, უფრო მეტად კი, ზუსტად ცოდნას, რომელ ჯგუფშია გავრცელებული.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, თუ როგორ მართავენ ისინი ეფექტურად კორონავირუსის მკურნალობას, ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებებს, კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. სახელმწიფო დონეზე მოლაპარაკებები გვაქვს როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან და გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს კონკრეტულ რაოდენობებზე შეგვეძლება საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობის რაოდენობაში დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება ვირუსზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.