თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „პირWელთან" საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას არჩევნებამდე მიიღებს.
სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის ამოქმედებაც არჩევნებამდე მოხდეს.
კომიტეტის თავმჯდომარე სპეკულაციებს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის გადადებას, კორცხელის ინციდენტს უკავშირებს.
„ყველა პოლიტიკურ სპეკულაციას ბოლო უნდა მოვუღოთ - ამბობენ, თითქოს, ეს პროცესი კორცხელის ინციდენტს უკავშირდება. ეს არის თითიდან გამოწოვილი მათი ილუზიები.
ჩვენი ვალდებულებები შევასრულეთ - მეტიც, ფაქტობრივად არ არსებობს არგუმენტი, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე უარი ეთქვას. ეს დადასტურდა კიდეც პარლამენტის თავმჯდომარის გერმანიაში ვიზიტის დროს. ახლა, პრემიერის და პრეზიდენტის ვიზიტებია, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოსთან მიმართებაში, არანაირი პრეტენზიები არ აქვთ.
გულწრფელები უნდა ვიყოთ, საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობა რთულია - გერმანია-თურქეთის ურთიერთობა; უკრაინას ვალდებულებები არ აქვს შესრულებული; ლტოლვილების პრობლემა, რაზეც ევროპის ზოგიერთი ქვეყანა დარდობს.
ამ ფონზე, როგორც ჩანს, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს, რომ ეს პროცესი გაახანგრძლივოს. ჩემი მოლოდინია, რომ საქართველოსთან მიმართებაში, გადაწყვეტილება არჩევნებამდე, სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში იქნება მიღებული. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ამოქმედება არჩევნებამდეც მოხდეს. ფაქტია, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურება საგარეო პოლიტიკის მდგომარეობიდან გამომდინარეობს",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციებზეც ისაუბრა.
„საფრანგეთს და გერმანიას ჩვენთან პრეტენზიები არ აქვთ. კრიმინალთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მოუმზადებელი არგუმენტები ჰქონდათ. სიტუაციაში როდესაც გაერკვნენ, ფაქტობრივად, მოიხსნა პრობლემები. თქვენ იცით, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ გერმანიაში არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მათ შემდგომ ბოდიში მოიხადეს",- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.