ავტორი ნონა ქარქაშაძე
„ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას არ ჰყავს საკმარისი ადამიანები იმისათვის, რომ მაჟორიტარული არჩვენები მოიგონ, ამიტომაც, მათ მოუფიქრეს პროპორციული არჩევნები, რომ ერთ ლიდერს ამოფარებული უავტორიტეტო ხალხი შევიდეს როგორმე პარლამენტში“, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.
როგორც ირაკლი გოგავამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში აღნიშნა, არსებული მოცემულობით, დეპუტატებს პარტიული ბოსები აირჩევენ და არა ხალხი. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას შეეცდება, ამას სერიოზული პროტესტი მოჰყვება საზოგადოების მხრიდან.
ირაკლი გოგავას ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ეკონომიკური გეგმაც აქვს, რის განხორციელებასაც ხელისუფლების კეთილი ნება და პატრიოტი ადამიანების იდეის ირგვლივ გაერთიანება სჭირდება:
- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, შევაფასებდი, როგორც სიტუაციურ შეთანხმებას პოლიტიკურ პარტიებს შორის, თუმცა, პოლიტიკური პარტიები არის ყველაზე არაპოპულარული ინსტიტუცია ქვეყანაში. ყველა კვლევით, მათი ნდობა მინიმალურია. თვითონ შეთანხმების საგანი ნამდვილად არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში, ამ მოცემულობით უნდათ, რომ მოსახლეობის ნაცვლად აირჩიონ დეპუტატები.
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას არ ჰყავს საკმარისი ადამიანები იმისათვის, რომ მაჟორიტარული არჩვენები მოიგონ, ამიტომაც მათ მოუფიქრეს პროპორციული არჩევნები, ამ შემთხვევაში კი, პროპორციულთან ძალიან მიახლოებული საარჩევნო სისტემა, რათა ერთ ლიდერს ამოფარებული უავტორიტეტო ხალხი შევიდეს როგორმე პარლამენტში. გარდა ამისა, ამომრჩეველს აქვს ორი ხმა, ერთს აძლევს პარტიას, მეორეს - მაჟორიტარულ კანდიდატს. ამ შემთხვევაში, მეორე ხმის არჩევის უფლება, ასე ვთქვათ, თვითონ უნდათ ჰქონდეთ. დეპუტატებს თვითონ პარტიული ბოსები აირჩევენ და არა ხალხი. ამის გამო იყო ზეწოლა დასავლეთიდანაც, მათგან, ვინც მხარს უჭერს ლიბერალურ ჯგუფებს ქვეყანაში. შედეგად, უნდა ველოდოთ, რომ გაგრძელდება ეს ლიბერალური დღის წესრიგი, რაც ქვეყნისთვის სიკეთეს ნამდვილად არ მოიტანს.
- არსებული მოცემულობით, როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალად წოდებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმდინარე წლის არჩევნებში?
- „ნაციონალური მოძრობის“ ყველა განაყოფს ერთად, არა აქვს 10 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა. ზოგიერთ კვლევაში, რა თქმა უნდა, მეტს უწერენ მათი პარტნიორები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხისთვის ეს მისაღები ძალაა. საქართველოს საზოგადოების ნება ასეთია - „არა ნაცებს“, რაც, არ მგონია, რამემ შეცვალოს. თუ ხელისუფლება ამ ძალებთან ზედმეტი ფლირტით გაერთობა და ივარაუდებს მათთან კოალიციას ან უმრავლესობის ფორმირებას, ამას სერიოზული პროტესტი მოჰყვება საზოგადოების მხრიდან, რადგან მე ვიცი ადამიანების განწყობა, იმ ადამიანებისა, ვინც არც ერთი პარტიის წევრი არ არის.
- ხალხის განწყობა ახსენეთ და აქვე გკითხავთ - თქვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდით უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს საველე ოპერაციების მენეჯერისა და უფროსი პოლიტიკური კონსულტანტის თანამდებობაზე და ალბათ იცნობთ უკრაინელ ხალხს. როგორ ფიქრობთ, როგორი განწყობა აქვთ მათ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც უკრაინას თავის მეორე სამშობლოს უწოდებს?
- უკრაინელი ხალხის განწყობის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც უკრაინაში გამოქვეყნდა. ამ კვლევის მიხედვით, სააკაშვილის რეიტინგი არის 0.34 პროცენტი, სულ ესაა, რა მხარდაჭერაც მას გააჩნია. მიხეილ სააკაშვილი არის თავისი ნეოკონსერვატორი მეგობრებისა და ლიბერალების მიერ ჩანერგილი ადამიანი და მისი ფუნქციაა, უკრაინა კონფლიქტის რეჟიმში ამყოფოს. რაც შეეხება სამშობლოს ცნებას - სააკაშვილს საერთოდ სამშობლო თუ გააჩნია, ჯერ ესაა საკითხავი. მას არა აქვს ასეთი პრინციპი და გაგება, მისთვის სამშობლო ძალაუფლებაა.
- „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იძულებული გახდით, ქვეყნიდან წასულიყავით და მოღვაწეობა აშშ-ში განაგრძეთ. რა იყო ამის მიზეზი?
- 2004 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში დამყარდა დიქტატურა და დაიწყო მასობრივი რეპრესიები, ჩავთვალე, რომ აქ ჩემი ადგილი აღარ იყო, მუშაობაც კი ვერსად დავიწყე, ელემენტარულად, და იძულებული გავხდი, წავსულიყავი საზღვარგარეთ სამუშაოდ. საქართველოში 2011 წელს დავბრუნდი. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, მივხვდი, რომ ცვლილებები იყო მოსალოდნელი და საჭირო იქნებოდა ამ ცვლილებებში ჩემი მონაწილეობაც. უარი ვთქვი აშშ-ში სამსახურზე და ჩამოვედი საქართველოში, რათა მიმეღო მონაწილეობა დიქტატურის დემონტაჟში. ჩამოვიყვანე უცხოელი გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც ობიექტურად აშუქებდნენ მიმდინარე საარჩევნო კამპანიას. 2012 წლის დასაწყისიდან, 10 თვის განმავლობაში ამერიკელებისა და კანადელების ჯგუფი მყავდა ჩამოყვანილი, გარდა ამისა, შეერთებულ შტატებთან მქონდა კონტაქტი და შესაბამის ინფორმაციას ვაწვდიდი კონგრესმენებსა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვაშინგტონში.
- ბატონო ირაკლი, თქვენ შეიმუშავეთ ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის სტრატეგია, რაც თავის თავში, ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებს მოიცავს. მოკლედ რომ გვითხრათ ამ სტრატეგიის შესახებ...
- NATO კი წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვიღებენ ამ ორგანიზაციაში. მიუხედავად ამერიკელების და ჩვენი სურვილისა, ევროპული სახელმწიფოები ბლოკავენ ჩვენს გაწევრიანებას ალიანსში. ამის გამო, ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ არსებული რეალობა და მაქსიმალურად შევქმნათ ჩვენი სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოების გარანტია. სწორედ ამიტომ, გამოვედი ინიციატივით, დავიწყოთ რეალიზება „სამი ღერძის სტრატეგიის“, რათა შევძლოთ სამი ამოცანის გადაწყვეტა.
- ეს ყველაფერი განსახორციელებლად ცოტა რთულად მეჩვენება, ბატონო ირაკლი. გაქვთ ალბათ, მისი განხორციელების გეგმაც.
- განხორციელებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, იოლი არ არის, მაგრამ იოლი საერთაშორისო სიტემაში არაფერია. თუმცა, მე ვხედავ გზებს, თუ ეს ყველაფერი როგორ უნდა განხორციელდეს. „სამი ღერძის სტრატეგიის“ განსახორციელებლად აუცილებელია მოხდეს ქართული დიპლომატიის საუკეთესო ძალების, ქართული დიასპორების და საზოგადოებრივი აზრის ლიდერების სრული კონსოლიდაცია პროექტის რეალიზებისთვის.
სამწუხაროდ, ბოლო 15 წელიწადია, ქართული დიპლომატია დაჭაობდა, ვერ ხერხდება ახალი ინიციატივების, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების არათუ ლობირება, არამედ ინიცირებაც კი. საელჩოები უფრო პროტოკოლის ფუნქციას ასრულებენ. დიდი ხანია ჩამოყალიბდა დიპლომატების კასტა, რომლებიც პოსტებზე ერთმანეთს ცვლიან და ქვეყნისთვის რეალური შედეგი ვერ მოაქვთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ელჩი თვითშემოქმედებით ვერ დაკავდება, მას ამბიციური ამოცანები ცენტრმა უნდა განუსაზღვროს, რაც არ ხდება. ამ სტრატეგიის განხორციელებას სჭირდება უკიდურესად აქტიური, მასშტაბურად მოაზროვნე და ქვეყნის მოყვარული ინტელექტუალი ადამიანების ჯგუფი, მკაფიო ხედვით, საკუთარი თავის რწმენით და ქვეყნის სიყვარულით.
- არის თუ არა ამ თქვენი სტრატეგიის შესახებ ცნობილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის?
- ეს კონცეფცია და წარმატების სტრატეგია დეტალურად გამოვაქვეყნე და ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს ჰქონდა მისი გაცნობის საშუალება. მის განხორციელებას, როგორც აღვნიშნე, სჭირდება ხელისუფლების კეთილი ნება და პატრიოტი ადამიანების გაერთიანება იდეის ირგვლივ. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი უნდა შევთავაზოთ საერთაშორისო თანამეგობრობას , ვინაიდან, დღეს მივყვებით ლიბერალურ დღის წესრიგს, რომელსაც, სამწუხაროდ, ქვეყნისთვის სიკეთე არ მოაქვს.