„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ივანე მერაბიშვილის პატიმრობა შეფასდა როგორც კანონიერი და დასაბუთებული", -ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა" ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს.
„სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არაერთგზის გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, ამის საპასუხოდ გაცნობებთ:
სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის სათაურში სიტყვა-სიტყვით არის აღნიშნული, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო როგორც კანონიერი, ასევე დასაბუთებული. უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა.
სასამართლოს კითხვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით; შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირი ფორმით არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ ცნო და დაადგინა მხოლოდ 2 ხარვეზი, რომელიც არ არის მერაბიშვილის პატიმრობის უკანონობის დადგენის და მითუმეტეს, არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი.
„ნაციონალური მოძრაობის" განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს აზრით, თითქოს მერაბიშვილი მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით იქნა დაკავებული, არის მტკნარი სიცრუე. სტრასბურგის სასამართლოს მიერ მერაბიშვილის პატიმრობა შეფასდა როგორც კანონიერი და დასაბუთებული, გადაწყვეტილების არცერთ ფრაზაში მინიშნებაც კი არ გვხვდება მერაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ პატიმრობაზე", - განაცხადა კობახიძემ.