ახალი რესპირატორული ვირუსი COVID-19 ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ახლად აღმოჩენილი ვირუსით SARS-CoV-2 ან კორონავირუსით. სპეციალისტები განმარტავენ - თუ გაქვთ ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას.
ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტის, თეონა ბუაჩიძის რეკომენდაციებს:
მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას;
მაქსიმალურად მოერიდეთ რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტს, საჭიროების შემთხვევაში, დაიცავით დისტანცია სულ მცირე 1.5-2 მეტრის დაშორებით;
აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, ან დამუშავება სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარებით;
შეეცადეთ არ შეეხოთ ხელით თქვენს თვალებს, ცხვირსა და პირს;
ცემინების და ხველის დროს აიფარეთ მოხრილი იდაყვი სახეზე;
აუცილებელია პაციენტების მიერ დამცავი ნიღბების გამოყენება;
სველი წესით დაამუშავეთ ზედაპირები;
ხშირად გაანიავეთ ოთახები, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის.
მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:
პირები, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეს იმ ქვეყნებში, სადაც ახალი კორონავირუსია გავრცელებული.
პირები, ვისაც ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა.
ერთ დახურულ გარემოში COVID-19-ით ინფიცირებულთან ერთად ცხოვრება ან მასთან ერთად მგზავრობა.
ხანდაზმული ასაკისა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
გთხოვთ გავუფრთხილდეთ საკუთარ და ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას!