კორონა ვირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო აშშ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვიზების გაცემის პროცესს აჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„COVID-19-ის გავრცელების საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველდღიური სავიზო მომსახურების გაწევას აჩერებს უამრავ ქვეყანაში. აღნიშნული მომსახურება რაც შეიძლება მალე განახლდება, თუმცა ამჟამად კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებთ. პერიოდულად შეამოწმეთ საელჩოებისა და საკონსულოების ვებ-გვერდები, რათა განახლებული ინფორმაცია მიიღოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.