logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: მერაბიშვილს გარეთ არავინ გამოუშვებს!
- +

14 ივნისი. 2016. 17:45



„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება ვანო მერაბიშვილის ძირითად საქმეს, ასევე არ ეხება მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „რეპორტიორს" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მერაბიშვილის გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება.


„ამ გადაწყვეტილების გამო მერაბიშვილს გარეთ ვერ გაუშვებენ!

 

ეს გადაწყვეტილება ეხება 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე პერიოდს - ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის პერიოდს და არამც და არამც არ ეხება მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს. ასევე არ ეხება ამ განაჩენების აღსრულებას. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება განაჩენზე გავლენას ვერ მოახდენს", - განაცხადა კობახიძემ.


მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმით წერია, რომ მერაბიშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენება იყო დასაბუთებული და კანონიერი.


„იმ ტიპის განცხადებები, თითქოს სასამართლო ავალებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს  მერაბიშვილი, რადგან იგი პოლიტპატიმარია, არის პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილი. მსგავსი რამ გადაწყვეტილების შინაარსში მითითებული არ არის. უფრო მეტიც, სასამართლომ დადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოყენებული პატიმრობა ქართული სასამართლოს მხრიდან იყო კანონიერი და მიუთითა, რომ არ იყო დარღვეული ევროკონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი. ანუ უარი უთხრა მოსარჩელე მხარეს ამ პუნქტის დარღვეულად ცნობაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ დადგინდა პატიმრობის გამოყენების კანონიერება. უფრო მეტიც, გადაწყვეტილებაში საუბარია მის მიერ ყალბი პასპორტის გამოყენებაზე და ამ ყალბი პასპორტით საზღვრის გადკვეთის მცდელობაზე, რაც ვფიქრობ, ძალიან სამარცხვინო ფაქტია.

 

გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის მაისში მიღებული 2 გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა პატიმრობის გაგრძელებას, იყო დასაბუთებული. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პატიმრობა იყო კანონიერი", - განაცხადა კობახიძემ.



რაც შეეხება 2013 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებას, სადაც შუამდგომლობა იყო განხილული პატიმრობის ღონისძიების შეცვლაზე, კობახიძის თქმით, ამ ნაწილში სასამართლომ მერაბიშვილი გაამართლა და მიუთითა, რომ  ქართულმა სასამართლომ სათანადოდ არ დაასაბუთა ეს გადაწყვეტილება. „გარკვეული ხარვეზი, რა თქმა უნდა, შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს მერაბიშვილის თავისუფლების წინაპირობას", - განაცხადა კობახიძემ.


კობახიძის თქმით, სასამართლოს აღნიშნული ნაწილი გასაჩივრდება.


„მთავრობას 3 თვის ვადა აქვს და გაასაჩივრებს კიდეც დიდ პალატაში. აღსრულება ამ გადაწყვეტილების ვერ მოხდება, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა გეგმავს გასაჩივრებას. რაც შეეხება კომპენსაციას, გვახსოვს, ასანიძის საქმეზე 150 000 ევრო იქნა დაკისრებული და პირდაპირ იქნა დადგენილი, რომ პატიმრობა იყო უკანონო. აქ ასეთი რამ არ თქმულა,  შესაბამისად, კომპენსაციაც არის ძალიან ჩვეულებრივი, ზომიერი და ეს ზოგადად, ერთი ჩვეულებრივი საქმეა ევროსასამართლოსი", - განაცხადა კობახიძემ.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის საქმეზე, რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე.


არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი - წინასწარი პატიმრობის კანონიერება.


არ დარღვეულა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილებებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.


დაირღვა კონვენციის 5.3. მუხლი 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით - წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას, მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლება სასამართლოს მიერ.


დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი-წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებით გამოყენების აკრძალვა, ვიდრე ამას ითვალისწინებს კანონი, 5.1 მუხლთან კავშირში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner