ავტორი ანა ფერაძე
სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დღეს გამოიტანა. ამასთან დაკავშირებით „ეროვნული ფორუმის" წევრმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორთან" ისაუბრა და განაცხადა, რომ როცა ადამიანი დამნაშავეა, მნიშვნელობა არ აქვს, ის ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაში.
„დამაბნია იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოიტანა, ჩემთვის გაუგებარია, საქართველოს რას ედავებიან.
ამ გადაწყვეტილებაში საუბარი არ არის, რომ ვანო მერაბიშვილი უდანაშაულოა, აქ საუბარია იმაზე, რომ რატომ დააკავეს კონკრეტულად იმ პერიოდში, როცა ის ოპოზიციაში იმყოფებოდა.
როცა ადამიანი დამნაშავეა, მნიშვნელობა არ აქვს, ის ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაში.
თუ აქ საუბარია ხარვეზებზე წინასწარი პატიმრობის პერიოდში, ეს შეფასების საგანია და ამაზე შეიძლება იდავოს ხელისუფლებამ, მაგრამ ის - არის თუ არა ვანო მერაბიშვილი დამნაშავე, პირადად ჩემთვის, ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა.
მერაბიშვილი დაკავშირებული იყო ძალიან ბევრ სისხლიან პერიოდთან ჩვენს ქვეყანაში.
რეალურად საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას გეგმავდა რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ვანო მერაბიშვილი. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასება, სტრასბურგის სასამართლომდე და სტრასბურგის სასამართლოს შემდეგაც ყოველთვის იქნება ის, რომ ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება დაანგრია ჩვენს ქვეყანაში.
საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, უნდა გასაჩივრდეს თუ არა სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ანი მიროტაძემ.